არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილის ექსტრადირება სამართლებრივი საკითხია და სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი სამართლებრივია და მას პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს.
„ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინის მხარემ თავად გააკეთა განცხადება, რამდენადაც ვნახეთ. მათ თქვეს, რომ ამ ეტაპზე ექსტრადირების შესახებ რაიმე განხილვა დაწყებული არ არის უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებში, თუმცა თქვენ იცით, რომ საქართველოს პროკურატურას მოთხოვნა გაგზავნილი აქვს.
დაველოდოთ შემდგომ სამართლებრივ პროცედურებს. ვფიქრობ, ეს არის სამართლებრივი საკითხები და სამართლებრივი პასუხები უნდა გაეცეს ყველაფერს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მხარდამჭერებმა სპეცდანიშნულების რაზმის მანქანიდან მისი გამოყვანა მოახერხეს.