არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილი არის დებატებში საკუთარ ქვეყანასთან და თავთან, ჩვენ მასთან სადებატო არაფერი გვაქვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ უსაფუძვლოა სპეკულაციები და ცილისწამება, რაც სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან იყო სახელმწიფოს მიმართ.
თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ პატიმრების ჯანმრთელობა და მათი უფლებები დაცული იყოს.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო უკვე ორი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისა და მისი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებებით ყველაფერი ნათქვამია. არავითარი პოლიტიკური დებატები და განმარტებები ამას უკვე აღარ სჭირდება. სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ თქვა და დაადასტურა, რომ ის სპეკულაციები და ცილისწამება, რაც მათი, სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან იყო სახელმწიფოს მიმართ, აღმოჩნდა უსაფუძვლო. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, მინდა, პირველ რიგში, პატიმრობაში მყოფ ყველა პირს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილსაც ვუსურვო ჯანმრთელობა. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ პატიმრების ჯანმრთელობა და მათი უფლებები იყოს დაცული.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ვამბობდით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ არის ორი მთავარი პირობა – მიხეილ სააკაშვილმა ითანამშრომლოს ექიმებთან და შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია, დანიშნულება, რასაც ექიმები აძლევენ, ასევე, მაქსიმუმი უნდა გააკეთოს კვების აღდგენის კუთხით. ეს ორი საკითხი ურთიერთდაკავშირებულია. როგორც ექიმები ამბობენ, ერთი მეორის გარეშე ვერ იქნება ეფექტური. არის სრული მზადყოფნა სამედიცინო სამსახურის მხრიდან, რომ მათ მაქსიმალურად უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის დაცვა. მილიონები იხარჯება სპეკულაციების სიმართლედ გადაქცევაში, საკუთარი სახელმწიფოს იმაში დადანაშაულებაში, რაც არ მომხდარა და სტრასბურგმა თქვა, რომ ეს არ მომხდარა, ეს არის როგორც სახელმწიფოს, ისევე იმ პრინციპების წინააღმდეგ, რომელსაც თითქოს თავად ამტკიცებენ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, სააკაშვილის გარემოცვას მოვუწოდო, მთავარი ყურადღება უნდა იყოს იმაზე, რომ პაციენტმა მკურნალობის ნაწილში ექიმებთან ითანამშრომლოს, ასევე, აღადგინოს სრულფასოვანი კვება.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასობით სხვა ადამიანი იმყოფება დღეს პატიმრობაში. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სააკაშვილის თანამებრძოლებმა, სხვა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც წარსულში დანაშაულები ჩაიდინეს, საპატიმრო დატოვეს ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობით, რადგან ისინი თანამშრომლობდნენ სამედიცინო სამსახურთან და იცავდნენ იმ პირობებს, რომელიც პატიმრობაში მყოფ პირს ჯანმრთელობის დაცვისთვის სჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ განცხადებას, რომ მიეცეს დებატებში მონაწილეობის საშუალება, თალაკვაძის თქმით, ხელისუფლებას მასთან სადებატო არაფერი აქვს.
„სააკაშვილი არის დებატებში საკუთარ ქვეყანასთან და საკუთარ თავთან, ჩვენ მასთან სადებატო არაფერი გვაქვს. ის არის პატიმრობაში და ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვზრუნავთ მაქსიმალურად, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ვზრუნავთ მაქსიმალურად, რომ მისი უფლებები იყოს დაცული“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.