არჩილ თალაკვაძე - რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება
რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენაზე.
თალაკვაძის თქმით, მხოლოდ მსგავსი განცხადებები არ ცვლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ფონს.
„ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება და რუსეთი ჯარისკაცები, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ორ რეგიონში, დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას. რაც შეეხება დღეს არსებულ ფორმატებს, ეს არის ჟენევის ფორმატი, საერთაშორისო ფორმატები, სადაც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა და ჯერჯერობით როგორც ვხედავთ, არც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პუნქტებთან, არც სხვა პირობებთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან არც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი განცხადებები, ვერ ცვლის იმ მძიმე ფონს, რაც სამწუხაროდ, ორივე ოკუპირებულ რეგიონში გვაქვს – ეს არის ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები და ის ინციდენტები და პროვოკაციები, რასაც რეგულარულად აქვს ადგილი. რაც შეეხება რუსეთის შესაძლო ინტერესებს საქართველოში, ახალი არ არის, რომ რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს ჩვენი ქვეყანა, მით უფრო მეტად ცდილობს რუსეთი ხელი შეუშალოს ამ წარმატებებს. ამას აკეთებს დეზინფორმაციით, ამას აკეთებს მასთან დაკავშირებული ჯგუფების გააქტიურებით, მათ შორის პოლიტიკაში, მაგრამ, ხელისუფლება და ჩვენი ძალა, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული პროდასავლური პოლიტიკა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილებაზე დეზინფორმაციამ ვერ უნდა მოახდინოს გავლენა. ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერაც იზრდება და საქართველო, მშვიდობიანი, სტაბილურო პოლიტიკით მიაღწევს თავის მიზანს, რომ ქვეყნის სუვერენულ საზღვრებში ჩვენი ტერიტორიები გააერთიანოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობები აღდგება და პროვოკატორები ამას ხელს ვერ შეუშლიან. მიისვე თქმით, ქართულ პოლიტიკურ წრეებში გამოჩნდნენ ადამიანები, ვისაც ურთიერთობების აღდგენის სურვილი აქვთ.