არჩილ თალაკვაძე - რუსეთის ფედერაციას, როგორც საოკუპაციო ძალას, პროგრესის შეთავაზება არ შეუძლია ადამიანებისათვის, ამას ძალიან კარგად ხედავენ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებიც
დარწმუნებული ვარ, მალე მშვიდობიანი განვითარების გზით დადგება მომენტი, როდესაც თანამედროვეობის საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ აღმართული მავთულხლართის კედლები დაიმსხვრევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ახალგორში შექმნილი ჰუმანიტარული ვითარების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახალგორში არსებული ვითარება აჩვენებს, საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას რა დამოკიდებულება აქვს ადამიანის უფლებების მიმართ.
„ხედავთ, ადამიანებს სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მათ არ უშვებენ კლინიკამდე, ხედავთ, რომ ადამიანებს სჭირდებათ საკვები, არ უშვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას. ხედავთ, რომ ადამიანებს სჭირდებათ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა და ისინი ამით ვერ სარგებლობენ. მგონი, კარგად ჩანს როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში, ორივე ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მდგომარეობა მძიმდება. რუსეთის ფედერაციას, როგორც საოკუპაციო ძალას, პროგრესის შეთავაზება არ შეუძლია ადამიანებისათვის, ამას ძალიან კარგად ხედავენ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებიც და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მშვიდობიანი განვითარების გზით უკვე დადგება მომენტი, როდესაც ამ თანამედროვეობის საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ აღმართული მავთულხლართის კედლები დაიმსხვრევა, როგორც არაერთი კედელი დაიშალა თავის დროზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება. განვაახლებთ ჩვენს სახელმწიფოებრივ განვითარებას აფხაზ და ოს ძმებთან. ამას აუცილებლად სჭირდება მოთმინება, საგარეო და საშინაო პოლიტიკა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.