არჩილ თალაკვაძე - რომელიმე პარტიას ჩვენთან საქმიანი დისკუსია თუ სურს, მათთან კონსულტაციებისთვის მზად ვართ
არჩილ თალაკვაძე - რომელიმე პარტიას ჩვენთან საქმიანი დისკუსია თუ სურს, მათთან კონსულტაციებისთვის მზად ვართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციას ნამდვილად ჰყავს კონსტრუქციული ნაწილი და ამას საზოგადოებაც ხედავს. როგორც თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, სააკაშვილს სურს, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ქვეყანაში რაღაც ცვლილებას მიაღწიოს.

„კონსტრუქციული ნაწილი ნამდვილად ჰყავს ოპოზიციას. თუ ვინ არიან, ამას მგონია, უკვე ხედავს საზოგადოება. ორი პარტია შემოვიდა პარლამენტში, ერთი პარტია, „გირჩი“ უკვე სვამს კითხვებს, თუ რა საჭიროა ასეთი ტიპის პოლიტიკის გატარება. შიგნითაც ბევრი კამათია. „ლელოშიც“ არიან ლიდერები, რომლებიც ამ კითხვებს სვამენ. მერწმუნეთ, რაც დრო გავა, მოახლოვდება თვითმმართველობის არჩევნების კამპანია, ამ ოპოზიციურ ბანაკში მეტი ადამიანი დაუსვამს სააკაშვილს ძალიან მკაფიო კითხვას, რა შედეგს გამოიღებს, რამდენად სწორია ეს დესტრუქციული პოლიტიკა, რომელსაც სააკაშვილი ატარებს. მას უნდა, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ქვეყანაში რაღაც ცვლილებას მიაღწიოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „გირჩს“ უნდა თქვენთან ინდივიდუალური მოლაპარაკების დაწყება, ხომ არ არის ჩანიშნული ასეთი ტიპის მოლაპარაკება და შედგა თუ არა უკვე კომუნიკაცია“, თალაკვაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით კომუნიკაცია არ შემდგარა, თუმცა თუ რომელიმე პარტიას სურს „ქართულ ოცნებასთან“ საქმიანი დისკუსია, ამისთვის მზად არიან.

„ჯერჯერობით კომუნიკაცია არ ყოფილა. გუშინ ისინი იყვნენ დიალოგში ჩართულები და რა თქმა უნდა, როგორც ყველასთან, მათთანაც გვქონდა საუბარი. რაც შეეხება კონსულტაციებს, ეს არის პოლიტიკა და ჩვენ მმართველი გუნდი ვართ, გვაქვს პასუხისმგებლობა. რომელიმე პარტიას თუ სურს ჩვენთან საქმიანი დისკუსია, აქვს კითხვები ან სურს პასუხები მიიღოს სხვადასხვა საკითხზე, რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ მათთან კონსულტაციებისთვის“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.