არჩილ თალაკვაძე - რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვიზეც ოპოზიცია აქცენტებს აკეთებს, პარტიებს შორის ხელმოწერილი, მიღწეული ან დადასტურებული შეთანხმება არ ყოფილა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას გულისხმობს მართლმსაჯულების ნაწილზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მიღწეული შეთანხმება.
თალაკვაძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას არავინ უნდა შეეცადოს.
თალაკვაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით, დოკუმენტში სხვა რაიმე კონკრეტული შეთანხმება მოცემული არ არის.
„შემდეგი საკითხი, რაზეც მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება, ვინაიდან გუშინ და დღეს ვისმენთ კითხვებს და განსხვავებულ ინტერპრეტაციებს, ეს არის მაღალი პროფილის საქმეები, რომლებზეც მიმდინარეობს გამოძიება.
პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები, შევთანხმდით შემდეგზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა, რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და არავინ უნდა შეეცადოს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას.
ჩვენი პოზიცია აქამდეც, დღესაც და მომავალშიც იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სადაც მართლმსაჯულება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, პოლიტიკური კალენდრის ნაწილი, არ შეიძლება მასზე იყოს დამოკიდებული. სხვა რაიმე კონკრეტული შეთანხმება ამ მიმართულებით დოკუმენტში არ არის მოცემული და თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ შეთანხმების კონკრეტულ ტექსტს. შესაბამისად, კითხვებზე, არის თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული გუშინ ან შეთანხმებული რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვიზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ – არა, ასეთი კონკრეტული შეთანხმება გუშინ პარტიებს შორის არ ყოფილა არც მიღწეული, არც ხელმოწერილი და არც დადასტურებული. ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ვინმეს დაკავებაზე, პატიმრობაზე ან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
აშშ-ის საელჩომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ტექსტი გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.