არჩილ თალაკვაძე - როგორც სახელისუფლებო გუნდი, მოტივირებული ვართ, დავხუროთ პოლიტიკური პრობლემა და მთელი ძალისხმევით გადავერთოთ საკითხებზე, რომელიც აწუხებს საზოგადოებას
არჩილ თალაკვაძე - როგორც სახელისუფლებო გუნდი, მოტივირებული ვართ, დავხუროთ პოლიტიკური პრობლემა და მთელი ძალისხმევით გადავერთოთ საკითხებზე, რომელიც აწუხებს საზოგადოებას

მივესალმებით საქართველოს ევროპელი მეგობრების ჩართულობას პოლიტიკურ დიალოგში. ეს ზრდის შანსებს, რომ სამართლიანი პირობები იქნება შეთანხმებული და ჩვენ გადავალთ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის ეტაპზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, დანიელსონთან უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრა იყო მშვიდი და საქმიანი.

„ვიტყოდი, რომ იყო ძალიან მშვიდი და საქმიანი შეხვედრა. მივესალმებით საქართველოს ევროპელი მეგობრების ჩართულობას პოლიტიკურ დიალოგში. ეს ზრდის შანსებს, რომ სამართლიანი პირობები იქნება შეთანხმებული და ჩვენ გადავალთ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის ეტაპზე, რომელიც მთელი ჩვენი საზოგადოების დაკვეთა იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

საქართველოს ევროინტეგრაციის გაცხადებული ამოცანების ფონზე, როდესაც რეგიონში იცვლება ვითარება და არის არაერთი გამოწვევა, როდესაც ქვეყნის წინაშე დგას პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ამოცანა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის არა დაპირისპირებით, არამედ თანამშრომლობით, ჯანსაღი დისკუსიით გაგრძელდეს მომავალი პოლიტიკა. ვფიქრობ, რომ ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ბატონი დანიელსონის მედიაციით, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. ჩვენ, სამართლიანი პრინციპების ფარგლებში, იმ ფარგლებში, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი საზოგადოების ინტერესები, ჩვენი მხარდამჭერების ასევე სამართლიანი მოთხოვნები და ინტერესები იყოს დაცული, რა საკვირველია გადავდგამთ ნაბიჯები, რათა მოხდეს შეთანხმება, თუმცა რა საკვირველია ამას სჭირდება სამართლიან პრინციპებზე შეთანხმება. ამას ვამბობ ხაზგასმით, რადგან ვფიქრობ, სწორედ ჩვენი მეგობრების დამოკიდებულებაც ამ დიალოგისადმი არის ასეთი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დროა, პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა.

„დროა, პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა. დროა, ერთად მოვძებნოთ გადაწყვეტილებები იმ პრობლემების საპირისპიროდ, რომელიც დღეს აქვს საზოგადოებას. როგორც სახელისუფლებო გუნდი, ჩვენ ვართ ძალიან მოტივირებული, რომ დროულად დავხუროთ ეს პოლიტიკური პრობლემა, რომელიც არსებობს და გადავერთოთ სწრაფად და მთელი ძალისხმევით იმ საკითხებზე, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თამჯდომარემ ასევე უპასუხა კითხვას ოპოზიციის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ თუ ნიკა მელია არ გათავისუფლდება, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აზრი არ ექნება.

„დღეს, როდესაც თქვენ ამ კითხვას მისვამთ, არსებობს უკვე მოცემულობა, რომ პროკურატურამ საჯარო ბრიფინგით გააკეთა ასეთი შეთავაზება. გირაოს გადახდა თუ მოხდება, მას შეუძლია, რომ ხვალვე დატოვოს საპატიმრო. შესაბამისად, ეს საკითხი ვფიქრობ რომ ამით ამოწურული იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.