არჩილ თალაკვაძე - როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერავითარ „შესაძლოაზე“ კომენტარს ვერ გავაკეთებ
არჩილ თალაკვაძე - როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერავითარ „შესაძლოაზე“ კომენტარს ვერ გავაკეთებ

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერავითარ „შესაძლოაზე“ კომენტარს ვერ გავაკეთებ, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაშემ ჟურნალისტებს კითხვაზე,​ ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილთან დაკავშირებული საქმე ახლა რატომ გააქტიურდა და ხედავს თუ არა ის დანაშაულის ნიშნებს.

„მე რასაც ვხედავ, თქვენი შეკითხვები ვარაუდებზეა დაფუძნებული. თქვენი ცნობისმოყვარეობა მესმის, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერავითარ „შესაძლოაზე“ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ასევე, იმ საკითხზე, რომელიც საგამოძიებო სტრუქტურების და პროკურატურის პრეროგატივაა. მე ვერ გეტყვით რაიმე კონკრეტული ნაბიჯების შესახებ. ერთს კი გეტყვით, რომ პარლამენტი კანონებს იღებს იმისთვის, რომ ამ კანონის წინაშე ყველა ანგარიშვალდებულია და ყველა მოქალაქისთვის, ხელისუფლების წევრი იქნება თუ ოპოზიციის წარმომადგენელი თუ სხვა სტატუსის მატარებელი ყველა ადამიანი პირველ რიგში, კანონის წინაშეა პასუხისმგებელი.

ჩვენ გვსურს, ვიცხოვროთ სახელმწიფოში სადაც კანონის უზენაესობის პრინციპია და კანონის უზენაესობის პრინციპს დაცვა და პატივისცემა სჭირდება ყველა მხრიდან. თქვენ როდესაც მეკითხებით, არის თუ არა დღეს ეს პრინციპი ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელი, მე გპასუხობთ, რომ ეს პრინციპი, რომ იყოს მთავარი მამოძრავებელი, ამისთვის საჭიროა, მას პატივი სცეს ყველამ – ჟურნალისტმაც, პოლიტიკოსმაც და ნებისმიერმა ჩვენმა მოქალაქემაც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

​ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, გამორიცხავს თუ არა ის ალავიძე-ქუმსიშვილის განეიტრალებისთვის მათ მიმართ პოლიტიკურ ინტერესებს, რომლებიც კვირიკაშვილის კადრები არიან.

„რას ნიშნავს განეიტრალება?! ისინი ჩვენი ხელისუფლების ყოფილი წევრები არიან. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ არიან. შეგიძლიათ, თქვენ როგორც გესმით, გააშუქოთ. როგორც მე მესმის, გიპასუხეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.