არჩილ თალაკვაძე - როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა
ევროსასამართლომ, პრაქტიკულად, დაადგინა, რომ სახელმწიფომ და მართლმსაჯულების სისტემამ ამ საქმეზე სწორი და კანონიერი გადაწყვეტილებები მიიღო. თუ როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, ეს არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებასა და კომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
„ეს არის ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სახელმწიფო პატივს სცემს და აღასრულებს მას. „ქართულმა ოცნებამ“ თავისუფალი მედიის და დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობის პირობებში არაერთი არჩევნები ჩაატარა. არაერთ არჩევნებში გავიმარჯვეთ. შევძელით, საზოგადოებისთვის დაგვენახებინა, რა არის ჩვენი პროგრამა, როგორ ვხედავთ საქართველოს მომავალს და ეს ასეც იქნება. ამ კუთხით, არ ვფიქრობ, რომ დიდ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს მომავალი განვითარების ხედვაზე, რომელიც მმართველ გუნდს აქვს. თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი და ობიექტური ჟურნალისტიკა, ხაზგასმით ვამბობ, მიგვაჩნია, რომ არის იმ დემოკრატიის ნაწილი, რომელსაც საქართველო აშენებს და რომელიც ვაშინგტონშიც, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან სათანადოდ დანახული და დაფასებულია“,- განაცხადა პარლამენტი თავმჯდომარემ.