არჩილ თალაკვაძე - როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის სიცოცხლესა და უსაფრთხოებას, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს
როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის სიცოცხლესა და უსაფრთხოებას, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო – სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე და უსაფრთხოება იყოს დაცული – ეს ეხება განურჩევლად ყველას, მათ შორის, გიორგი გაბუნიასაც, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მცდელობის საქმეს.
არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა იმ განცხადებაზეც, რომელიც მან ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
„ჩემი განცხადება ეხება ნებისმიერ მოქალაქეს, ჟურნალისტს. თუ თავდასხმის მომზადების ფაქტი დადასტურდება, მათ შორის ბატონ გიორგი გაბუნიასაც. ჩემთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს ჟურნალისტი არის ჩვენ მიმართ კრიტიკულად განწყობილი თუ ლოიალური, იცავს ჟურნალისტურ ეთიკას, თუ არა. როდესაც საქმე ეხება ჩვენს მოქალაქეს, ჟურნალისტს, მით უმეტეს ჟურნალისტის პროფესია არის ძალიან მოწყვლადი, ამ შემთხვევაში, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო – სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.