არჩილ თალაკვაძე - როდესაც ხელისუფლების მხრიდან სრული მზადყოფნაა დიალოგისთვის, გზების გადაკეტვა და დედაქალაქის პარალიზება არ არის კონსტრუქციული ნაბიჯები
ხელისუფლების მხრიდან როდესაც სრული მზადყოფნაა დიალოგისთვის, გზების გადაკეტვა და დედაქალაქის პარალიზება არ არის კონსტრუქციული ნაბიჯები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ინტერესებისა და გარემოსდაცვითი ინტერესების მიხედვით უნდა მიიღონ.
„საქართველოს სტრატეგიული ინტერესი გახლავთ ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროგენერაციის გაზრდა, ვინაიდან ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა და ის ეკონომიკური განვითარება, რომელიც ჩვენ შემდეგ წლებში გვექნება, ბუნებრივად და ავტომატურად ითხოვს ზრდის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად ეკონომიკურ ზრდას და ყოველ ახალ სამუშაო ადგილს პროპორციულად სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია. საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, გაზარდოს ენერგოდამოუკიდებლობა, ეს შესაძლებელი არის ენერგეტიკული პროექტებით.
რას შეეხება კონკრეტულად „ნამახვანის“ პროექტს, აქ ცალსახაა, რომ გადაწყვეტილების გადახედვა და მისი განხილვა, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ინტერესებისა და გარემოსდაცვითი ინტერესების მიხედვით“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ულტიმატუმებით ურთიერთობა, სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის, მხოლოდ ზიანს აყენებს საზოგადოებასა და ქვეყნის განვითარებას.
„ვთვლი, რომ მთავრობის წინადადებები და პრემიერ-მინისტრის ღია და მკაფიო განცხადებები, როგორც გარემოს ზიანთან, ასევე კონტრაქტთან დაკავშირებით, რომ მოხდებოდა დამატებითი შეფასებები და გამოცხადდებოდა მორატორიუმი, ეს პირობები თავისთავად მიუთითებს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ იმთავითვე გახლდათ დიალოგი და ყოველ პროტესტს ჩვენი ხელისუფლება ეკიდება ყოველთვის ყურადღებით.
მეორეს მხრივ, როდესაც საუბარია რაიმე ტიპის მოთხოვნებზე, ულტიმატუმებზე, რომელიც ეწინააღმდეგება დიალოგის პრინციპს, უნდა გვესმოდეს, რომ ამ ფორმატში, ამ ფორმით ურთიერთობა სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის, მხოლოდ ზიანს აყენებს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. დამატებითი გზების გადაკეტვა და დედაქალაქის პარალიზება არ არის კონსტრუქციული ნაბიჯები, როდესაც ხელისუფლების მხრიდან სრული მზადყოფნაა გამოთქმული დიალოგისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.