არჩილ თალაკვაძე - როცა ხალხი, საარჩევნო ადმინისტრაცია და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს ეთანხმება, მიღებული შედეგების გამო გაბრაზება და მისი არაღიარება არის შეცდომა
როცა ხალხი, საარჩევნო ადმინისტრაცია და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს ეთანხმება, გაბრაზება მიღებული შედეგების გამო და მისი არაღიარება არის შეცდომა, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის გადაწყვეტილებას, უარი თქვას საპარლამენტო მანდატებზე.
„არჩევნების ჩატარებიდან 24 საათში, ის ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ არ ენდობა არჩევნების შედეგებს, აღმოჩნდა სრულიად მარტო, რადგან ხალხი, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების შედეგებს აღიარებენ. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა, ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა – აშშ-ის ხელისუფლებამ საელჩოს სახით, ევროკავშირმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს როგორც კონკურენტული, რომელიც ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ყურადღებით ეკიდება და ითვალისწინებს პარტნიორების შენიშვნებს და რეკომენდაციებს და ამისათვის, თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ახალ პარლამენტში.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.