არჩილ თალაკვაძე - რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებები პოპულიზმია, რეალურად, ოპოზიციას არ სურს თანხმობა, რადგან შეთანხმების გარეშე მიმართეს პრეზიდენტს
არჩილ თალაკვაძე - რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებები პოპულიზმია, რეალურად, ოპოზიციას არ სურს თანხმობა, რადგან შეთანხმების გარეშე მიმართეს პრეზიდენტს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოპულიზმია განცხადებები, რომლებიც რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კეთდება.

მისივე თქმით, ოპოზიცია საუბრობს, რომ სურთ თანხმობა,თანხმობით მუშაობა და ამავე დროს, რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით მათ შეთანხმების გარეშე მიმართეს პრეზიდენტს.

როგორც თალაკვაძე ამბობს, რიგგარეშე სესიის მოწვევას აზრი აქვს მაშინ, როდესაც კომიტეტებს უკვე მომზადებული, მოსმენილი აქვთ კანონპროექტები და საკითხი მზადა პლენარულ სხდომაზე გასატანად.

„პოპულიზმია განცხადებები, რომლებიც რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოვისმინეთ. რეალურად, ოპოზიციას არ სურს თანხმობა, რადგან მათ შეთანხმების გარეშე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს. აცხადებენ, რომ სურთ შეთანხმება, თანხმობით მუშაობა, მაგრამ შეთანხმების გარეშე მიმართეს პრეზიდენტს. მათ არ სურთ ზოგიერთ ნაწილში დაბალი ბარიერი, ზოგიერთ ნაწილში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ, მაგრამ ამბობენ, მივიღოთ სისტემა დაბალი ბარიერით. მათ გაცხადებული აქვთ, რომ უნდა ჩაერთონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში, მაგრამ ახლა, როდესაც ამ საკითხებზე  პარლამენტში საკომიტეტო სამუშაო მიმდინარეობს, ისინი სხდომებში არ მონაწილეობენ. სწორედ ეს არის პოპულიზმი, რაც ანტიევროპულია და თავისთავად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება.

ამიტომ საზოგადოება შეაფასებს ვინ არის გულწრფელი, როდესაც ითხოვს რიგგარეშე სესიას. კარგად გვახსოვს, რადიკალური ოპოზიცია არა თუ რიგგარეშე სისიაზე, რიგითი სესიები რომ მიმდინარეობდა, მაშინაც კი არ ესწრებოდა სხდომებს. მაშინაც კი არ მონაწილეობდნენ სამუშაო პროცესში. ის, ვინც რიგით სხდომებში არ მონაწილეობს და რიგგარეშე სესიას ითხოვს, რა თქმა უნდა, პოპულიზმშია შესული. სინამდვილეში, რიგგარეშე სესიის მოწვევას აზრი აქვს მაშინ, როდესაც კომიტეტებს უკვე მომზადებული, მოსმენილი აქვთ კანონპროექტები და საკითხი პლენარულ სხდომაზე გასატანად მზადაა. ასეთი მზადყოფნა, მოცემულობა დღეს არ არსებობდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა და შესაბამისი ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას და განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავდა. პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში 15 ივლისს შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.

ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ კი განაცხადეს, რომ „არ აპირებენ რადიკალური ოპოზიციის მოგონილ, საბოტაჟურ და უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას“. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ რიგგარეშე სესიის გასახსნელად საჭიროა, ჩატარდეს პლენარული სხდომა, თუმცა პლენარული სხდომისთვის განსაზღვრული საკითხები ოპოზიციის მხრიდან არ არის წარმოდგენილი.