არჩილ თალაკვაძე - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციური საფუძველი ამ მომენტისთვის არ არსებობს
ამ მომენტისთვის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების კონსტიტუციური საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, როგორც იურიდიული პროცესი ან როგორც იურიდიული ინიციატივა, ეს არ განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს არგუმენტები, რითაც დაასაბუთებს რიგგარეშე არჩევნების საჭიროებას.
„ოპოზიციამ მკაფიოდ უნდა თქვას, რით ასაბუთებენ რიგგარეშე არჩევნების საჭიროებას და რატომ მიაჩნიათ, რომ რიგგარეშე არჩევნებზე მათი ინიციატივა, რომელიც არ განიხილება ახლა, არის უფრო უკეთესი ქვეყნისთვის. რა შეეხება დათმობას, ჩვენს ოპონენტებს, ყველაზე რადიკალურ ოპონენტებსაც კი ვთხოვ, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ კონსტრუქციულ პროცესში, ჩაერთონ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში.
ძალიან მალე, უკვე 2020 წლის შემოდგომაზე გვექნება საპარლამენტო არჩევნები. დრო ბევრი არ არის, ასე რომ, ნორმალური პოლიტიკური პროცესით, კონსტრუქციული პროცესით უნდა მოვემზადოთ ამ არჩევნებისთვის.
რაც შეეხება დათმობებს, ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში, გრძელდება საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა. იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ოპოზიციას აინტერესებს; ეს არის დაფინანსება, ეს არის კამპანიის ჩატარება, ეს არის პარტიების რეგისტრაცია, საარჩევნო ადმინისტრაცია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხები და ამ საკითხებზე მზად ვართ, რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.