არჩილ თალაკვაძე - რეზოლუცია გვეუბნება, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი დემოკრატია რას ამბობს, ხალხს რა უნდაო, არამედ ჩვენ რასაც გეტყვით, რასაც იტყვიან კუბილიუსი, იუკნევიჩიენე, ფოტიგა, ის უნდა შეასრულოს საქართველომ
არჩილ თალაკვაძე - რეზოლუცია გვეუბნება, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი დემოკრატია რას ამბობს, ხალხს რა უნდაო, არამედ ჩვენ რასაც გეტყვით, რასაც იტყვიან კუბილიუსი, იუკნევიჩიენე, ფოტიგა, ის უნდა შეასრულოს საქართველომ

რეზოლუცია გვეუბნება, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი დემოკრატია რას ამბობს და ხალხს რა უნდაო, არამედ ჩვენ რასაც გეტყვით, რასაც იტყვიან კუბილიუსი, იუკნევიჩიენე, ფოტიგა, ის უნდა შეასრულოს საქართველომ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ეფუძნება სიმართლეს და აბსოლუტურად გამრუდებულია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა მოცემულობაა და სინამდვილეში ის პუნქტები, რაც რეზოლუციაში ყველამ ნახა, არის ასევე საზოგადოებისა და ქვეყნის შეურაცხყოფა.

„რეზოლუციაში რა წერია. ანუ დემოკრატიული გზით არჩეულმა ხელისუფლებამ კანონსა და კონსტიტუციაზე დაფუძნებით, სასამართლოთი მიიღო გადაწყვეტილება და ადამიანი დღეს არის პატიმრობაში. რეზოლუცია კი გვეუბნება – არ აქვს მაგას მნიშვნელობა, თქვენი დემოკრატია რას ამბობს და თქვენს ხალხს რა უნდაო, არამედ ჩვენ რასაც გეტყვით, კუბილიუსი, რასა, ფოტიგა რასაც იტყვიან, ის უნდა შეასრულოს საქართველომ. ეს ერთი;

მეორე – კანონის უზენაესობა ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია ევროპისთვის და რას გვეუბნება რეზოლუცია? გვესმის, რომ სასამართლომ გადაწყვიტა ამ კაცის პატიმრობაო. სხვათა შორის, საერთოდ არ ახსენებენ ევროსასამართლოს, რომელიც იქ შუაგულ ევროპაშია და გადაწყვეტილება მიიღო ევროსასამართლომ. თქვა, რომ პირდაპირ სააკაშვილი იყო იმ უმძიმესი კანონდარღვევების სათავეში, რაც მოხდა თუნდაც სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანად მიიღო, რადგან ემთხვევა საქართველოს სასამართლოს, ევროსასამართლოს მოსაზრება და გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით არ გვაინტერესებს, ეს უნდა გადავდოთ გვერდით. თურმე სამართალი კი არ არის მთავარი, მთავარია, ვის ეხება ეს საკითხი და მაშინ შეიძლება, სხვანაირად გადავწყვიტოთ ეს საკითხი, და გაათავისუფლეთო; და მესამე, როდესაც ლაპარაკია ადამიანის უფლებებზე, რა წერია რეზოლუციაში რეალურად, რას გვეუბნება ეს რეზოლუცია, ყველა პატიმარი არის თანასწორი, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორიაო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.