არჩილ თალაკვაძე - ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ეფუძნება სიმართლეს, აბსოლუტურად გამრუდებულია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება, პუნქტები, რაც რეზოლუციაშია, არის ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის შეურაცხყოფა
ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ეფუძნება სიმართლეს და აბსოლუტურად გამრუდებულია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, პუნქტები, რაც რეზოლუციაშია, არის ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის შეურაცხყოფა.
„რეზოლუცია იქნა მიღებული, რომელიც, პრინციპში, მთლიანად ეხება პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს. უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ეს რეზოლუცია არ ასახავს რეალობას, არ ეფუძნება სიმართლეს და აბსოლუტურად გამრუდებულია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა მოცემულობა გვაქვს და სინამდვილეში ის პუნქტები, რაც რეზოლუციაში ვნახეთ, არის ასევე ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა.
მეორე, როდესაც ვთქვი, აბსოლუტურად გამრუდებულია-მეთქი, მინდა, მაგალითი მოვიყვანო, რომ ჰაერზე არ ვისაუბროთ. რეზოლუციაში წერია, რომ სააკაშვილის პატიმრობა ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ალბათ ეს რომ არ ეწეროს ევროკავშირის რეზოლუციაში, არავინ დაიჯერებდა ასეთ ცინიკურ განცხადებას. თუ რამე ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩვენს ქვეყანაში, ეს არის, პირველ რიგში, ის მოთხოვნები, რომელიც გვესმის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. რა მოთხოვნები გვესმის – დიახ, გაქვთ სასამართლო და სასამართლომ გადაწყვიტა ეს საკითხი, იგივე გადაწყვეტილება მიიღო ევროსასამართლომაც იმ საქმეებზე, რაზეც არის სააკაშვილი გასამართლებული, მაგრამ არა უშავს, გადადეთ გვერდზე სასამართლო და პოლიტიკურად ჩაერიეთ მართლმსაჯულებაშიო. ვინც გააზრებულად დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას ევროპარლამენტში პირადი ინტერესების გამო, თუნდაც მათი ვიწროპარტიული ინტერესების გამო, მათ უღალატეს ევროპას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე, – „რეზოლუციას მხარი დაუჭირა 557-მა ევროპარლამენტარმა, მათ უღალატეს ევროპას?“ – არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:
„არა. ვინც პირადი ინტერესებით გააკეთა ამის კოორდინაცია, ინიცირება და ვინც იყო მოთავე ამ რეზოლუციის, მათ უღალატეს და გეტყვით, რატომ. ევროპა დგას სამ ძირითად პრინციპზე, რისიც გვჯერა და სჯერა ევროპაში მცხოვრებ ადამიანებს. ეს არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.