არჩილ თალაკვაძე - რეიტინგებს არჩევნები გაზომავს, რომლებიც შემოდგომაზე ჩატარდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, რეიტინგებს არჩევნები გაზომავს, რომლებიც შემოდგომაზე ჩატარდება.
როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, ხელისუფლებისთვის საზოგადოებრივი აზრის თითოეული კვლევის შედეგები საინტერესოა, თუმცა შეფასების მთავარი ინსტრუმენტი არჩევნები და ის მხარდაჭერაა, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნების გზითაც აფიქსირებს.
„გარკვეული პროგნოზები თვითმმართველობის არჩევნების წინაც იყო გაკეთებული, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. შესაბამისად, რეიტინგებს არჩევნები გაზომავს, რომლებიც შემოდგომაზე გაიმართება, არჩევნებს დაველოდოთ. ჩვენი საქმე არჩევნებამდე იმ პროექტების განხორციელება და დაპირებების შესრულებაა, რომლებიც საზოგადოებას მივეცით. როდესაც კვლევის შედეგთა სანდოობაზე ვსაუბრობთ, შემიძლია, ეს შედეგები არჩევნების შედეგებს შევადარო. თუ ამ შედარებას გავაკეთებთ, აშკარა ხდება, რომ ეს რეიტინგები მთლად შესაბამისობაში არ არის იმ რეალობასთან, რაც არჩევნებზე საზოგადოებამ ხმის მიცემით დააფიქსირა. ჩვენთვის ყველანაირი კვლევის შედეგი დამხმარე და ძირითადი არსია იმ პროგრამის განხორციელებისა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენს პროგრამაში იყო. დარწმუნებული ვარ, კვლევის შედეგების რეალური ტესტირება არჩევნებზე მოხდება”, – დასძინა თალაკვაძემ.