არჩილ თალაკვაძე - რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად აუცილებელია, დავიცვათ უსაფრთხოების წესები, რათა ისევ არ მოგვიხდეს შეზღუდვების დაწესება
რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად აუცილებელია, ზედმიწევნით და დიდი პასუხისმგებლობით დავიცვათ უსაფრთხოების წესები, რათა კვლავ არ მოგვიხდეს შეზღუდვების დაწესება ჩვენს ეკონომიკაზე, სოციალურ ცხოვრებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭომ და მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო ახალი გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით. მსურს, მხარი დავუჭირო პრემიერ-მინისტრის მოწოდებას, რომ რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად აუცილებელია, ზედმიწევნით და დიდი პასუხისმგებლობით დავიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამსახურების მხრიდან. ეს არის მთავარი პირობა, რომ ჩვენ არ მივიღოთ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება და კვლავ არ მოგვიხდეს შეზღუდვების დაწესება ჩვენს ეკონომიკაზე, სოციალურ ცხოვრებაზე და მოვემზადოთ თანმიმდევრულად იმ გეგმისთვის, რომელიც გვქონდა ეკონომიკის სრულ გახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ინფიცირების ყოველდღიური, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა, რაც მთავრობას აძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გააგრძელოს შეზღუდვების შემსუბუქება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების არაგონივრული და სწრაფი მოხსნა-გაუქმება არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების.