არჩილ თალაკვაძე - რეალობა არის ის, რომ ჩვენი გუნდი გიორგი გახარიასთან ერთად აღწევს რეალურ შედეგებს აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში
გიორგი გახარია არის ჩვენი გუნდის წევრი, 2012 წლიდან დღემდე ჩვენი გუნდის ისტორია არის ერთადერთი – ადამიანის უფლებების განმტკიცება, დემოკრატიის განმტკიცება და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„გიორგი გახარია იყო ამ პროცესის მონაწილე და ამიერიდან კიდევ უფრო მეტად იქნება პასუხისმგებელი და ამ პროცესის მონაწილე. მინდა, იცოდეს ყველამ, რომ საქართველოს არჩევანი დემოკრატიის გაძლიერებისკენ, საქართველოს არჩევანი, რომ მოახდინოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ეს არ არის ერთი რომელიმე მოქალაქის არჩევანი, ეს არის ხალხისა და ხელისუფლების საერთო არჩევანი. ასე რომ, თითოეული ჩვენი თანაგუნდელი, რა თქმა უნდა, იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს მომავალს უკავშირდება. ჩვენ მთლიანად კონცენტრირებული ვართ ჩვენი ქვეყნის მომავალზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ჟურნალისტებმა არჩილ თალაკვაძეს „დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანი რედაქციის სტატიაზე ჰკითხეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ მხარი დაუჭირა“.
„ეს ცალსახად არასწორი შეფასებაა. რეალობა არის ის, რომ ჩვენი გუნდი, გიორგი გახარიასთან ერთად, 2012 წლიდან აღწევს რეალურ შედეგებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაში, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ჩვენ ვრჩებით ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის საერთაშორისო მისიებში ყველაზე დიდი კონტრიბუციის მქონე ქვეყნად. ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან მსოფლიოს ყველაზე რთულ წერტილებში თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად, რეფორმები, რომელიც გავაკეთეთ, ადამიანის უფლებების დაცვა, ინსტიტუტების გაძლიერება, საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლა ბევრად უფრო დემოკრატიული სისტემით, ეს არის ის, რაც მიუთითებს ჩვენს პროქართულ და პროდასავლურ კურსზე. ეს არის ის, რაც მიუთითებს, გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის რეალურ მიზნებზე. ასე რომ, შეფასებები თუ გვინდა გავაკეთოთ, უნდა გავაკეთოთ იმ რეალურ საქმეებზე დაყრდნობით, რაც ჩვენმა გუნდმა 2012 წლიდან დღემდე შეასრულა. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი ნებისმიერი თანაგუნდელის შეფასების საფუძველი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.