არჩილ თალაკვაძე - რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ აწერს ხელს შეთანხმებას, უკვე ნათელია, ვის აწყობდა პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად
არჩილ თალაკვაძე - რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ აწერს ხელს შეთანხმებას, უკვე ნათელია, ვის აწყობდა პოლიტიკური კრიზისი და ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში.

თალაკვაძის თქმით, სწორედ მისი მედიაციით, ძალისხმევით შეძლეს შეთანხმების დოკუმენტის გაფორმება, რომელიც ფართო კონსენსუსს ეფუძნება და რომელიც უკვე მომავალი კვირიდან უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის ისეთი სახით ფუნქციონირებას, როგორც ის საზოგადობამ აირჩია.

„რასაკვირველია, რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ აწერს ხელს ამ შეთანხმებას, ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება იმ საერთო წინადადებებსა და პირობებს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ამ დროს, როცა რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა, ალბათ, ეს არის ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რადგან ამ ხელმოწერის შემდეგ, დღეს უკვე ნათელია, თუ ვის აწყობდა და სურდა პოლიტიკური კრიზისი, ვინ მუშაობდა რეალურად მის მოსაგვარებლად.

ფაქტი ერთია – რაც გაფორმდა გუშინ და რაც იქნება მომავალი კვირიდან, ანუ უმრავლესობა და ოპოზიცია პარლამენტში, ეს ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გასულ წელს გააფორმა. სწორედ მათ გვითხრეს, მათ გააკეთეს ეს არჩევანი, რომ ოპოზიციას და უმრავლესობას უნდა ემუშავათ ერთად პარლამენტში. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის, მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას, მოქალაქეებს, რომ ამ თვეების განმავლობაში მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად, მომავალშიც საქართველოს პროგრესს ვუზრუნველყოფთ რასაკვირველია ერთად, მაქსიმალურ ყურადღებას და დროს დავხარჯავთ იმ პრობლემებზე სამუშაოდ, რომელიც აქვთ მოქალაქეებს პანდემიიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეკონომიკური ამოცანებია, ჩვენმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს წინსვლა, დემოკრატიის გაძლიერება და ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ.