არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ ხელისუფლება ვერ მიიღებდა დეოლიგარქიზაციაზე ცალკე კანონს, თუმცა როგორც კი ვთქვით, რომ მზად ვიყავით, მიგვეღო, ერთ დღეში რიტორიკა შეცვალეს
რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ ხელისუფლება ვერ მიიღებდა დეოლიგარქიზაციაზე ცალკე კანონს, თუმცა როგორც კი ვთქვით, რომ მზად ვიყავით, კანონი საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მიგვეღო, მათ ზუსტად ერთ დღეში რიტორიკა შეცვალეს და თავისივე განცხადებების წინააღმდეგ გამოვიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციაზე კანონი არ იყო კარგი და საჭირო.
„მანამდე ამბობდნენ, რომ კანონი იყო მისაღები. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ მათ საკუთარ რიგებში პოტენციური ოლიგარქები დაინახეს, რომლებიც მათ პარტიებს, სავარაუდოდ, უკანონოდ აფინანსებენ. შესაბამისად, მიხვდნენ, რომ არასწორ მიმართულებაში შევიდნენ და თვითდაზიანებას აყენებდნენ თავიანთ პარტიებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს საქმე ბოლომდე არ არის მისაყვანი, ეს არის ერთ-ერთი ევრორეკომენდაცია. შესაბამისად, ვალდებული ვართ, რომ ეს რეკომენდაცია შევასრულოთ. გახსოვთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა, ეს კანონი ყოფილიყო სახელობითი და პიროვნული. ვინც ამას აკრიტიკებდა, ეს ჩვენ ვიყავით. სწორედ ჩვენ ვამბობდით, რომ არ შეიძლება კანონი იყოს რომელიმე პიროვნებაზე მორგებული და ჩაიწეროს მასში სახელები და გვარები. ეს უნდა იყოს სისტემური კანონი. კანონი ისე უნდა იყოს მიღებული, რომ მას ჰქონდეს სისტემური ეფექტი და არა რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული. რომელ გზას ავირჩევთ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ეს პუნქტი შევასრულოთ და ევროკომისიისგან კიდევ მივიღებთ დამატებით რეკომენდაციებს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება, საქართველომ ეს რეკომენდაცია წარმატებით დახუროს“, – განაცხადა თალაკვაძემ.