არჩილ თალაკვაძე - რაც მიხეილ სააკაშვილმა ჰააგაში გააკეთა, პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალია
რაც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გააკეთა, პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის ჰააგაში გაკეთებულ განცხადებას.
თალაკვაძის შეფასებით, სააკაშვილი საქართველოს ინტერესებს ყალბი განცხადებებით გამოეხმაურა.
„მარტივია, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე. ერთი – ნამდვილი სახე, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან, ტოვებს სტუმრებს, ტოვებს დაცვის წევრებს და მშვიდობიან მოქალაქეებს და მეორე სახე – როდესაც გუშინ ის ჰააგაში იდგა და ყალბი განცხადებებით გამოეხმაურა საქართველოს ინტერესებს. აი, ეს არის. შეფასებები საზოგადოებამ უნდა გააკეთოს. რაც მან გუშინ გააკეთა, ეს არის პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ჰააგის სასამართლოს შენობასთან განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოში საერთაშორისო ექსპერტებმა რუსეთ – საქართველოს ომზე ანგარიში მისი თხოვნით წარადგინეს.