არჩილ თალაკვაძე - ქვეყანა რაც ჩავიბარეთ, მას შემდეგ საქართველო ბევრად უკეთესია ევროპული სტანდარტების თვალსაზრისით, პროცესი ამით არ მთავრდება, ჩვენი დღის წესრიგი ორიენტირებულია განვითარებასა და მშვიდობაზე
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროკავშირის შეფასებით საქართველო „ასოცირებულ ტრიოში“ საუკეთესოა, რაც ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ წინა წელს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.
მისივე თქმით, საქართველო არის ევროპა და რეგიონში დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი.
„უფრო მეტს ელოდებიან მისგან, ვისაც აქვს წარმატებები და ვინც მუშაობს, აჩვენებს პროგრესს. ფაქტია, თავად ევროკავშირის შეფასებით და დასკვნით საქართველო უკვე „ასოცირებულ ტრიოში“ არის საუკეთესო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენი ქვეყანა იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მით უმეტეს ახლა, როცა ჩვენ წარვადგენთ სამუშაოს რეკომენდაციების სრულად შესრულებაზე, ევროკავშირს ყველანაირი საფუძველი ექნება, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მისცეს. ჯერი მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება. რასაკვირველია, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გავაგრძელებთ ქვეყნის მართვას ისე, რომ საქართველოს ჰქონდეს მეტი პროგრესი, კიდევ უფრო მეტად იყოს ევროპის ნაწილი და ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, მეტი ეკონომიკა, მეტი შესაძლებლობები მოქალაქეებს. ჩვენს ქვეყანას სწორედ ამისთვის სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენი სამუშაო მთლიანად მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. საქართველო არის ევროპა და რეგიონში დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი. ათი წლის შემდეგ, რაც ქვეყანა ჩავიბარეთ, საქართველო არის ბევრად უკეთესი ქვეყანა ევროპული სტანდარტების თვალსაზრისით. რასაკვირველია, პროცესი ამით არ მთავრდება, ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებასა და მშვიდობაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგების შესახებ ევროკავშირის საბჭომ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ საკვანძო რეფორმაში.