არჩილ თალაკვაძე - მადლობა ივანიშვილების ოჯახს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აშენებაში განხორციელებული ინვესტიციისთვის, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება თავის მომავალს, ევროპასა და დასავლურ ცივილიზაციას
არჩილ თალაკვაძე - მადლობა ივანიშვილების ოჯახს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აშენებაში განხორციელებული ინვესტიციისთვის, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება თავის მომავალს, ევროპასა და დასავლურ ცივილიზაციას

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აშენებისთვის საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და ფონდ „ქართუს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისის უნივერსიტეტი არის უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია მომავალში, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება თავის მომავალს, ევროპასა და დასავლურ ცივილიზაციას.

„ჩვენს ისტორიაში განათლებას ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა და საზოგადოების სწრაფვა ყოველთვის იყო, რომ ჩვენ ძლიერი ქვეყანა გვქონოდა, უფრო განათლებული საზოგადოება გვყოლოდა. დღეს, ისტორიული დღეა, რადგან ბევრი ახალგაზრდის, მშობლების და ჩვენი თანამოქალაქეების ოცნება განხორციელდა, რომ საქართველოს საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი ჰქონოდა, რომელიც ჩვენსავე ქვეყანაში სტუდენტებს მისცემდა კონკურენტულ განათლებას, გააცნობდა თანამედროვე ტექნოლოგიებს და საფუძველს ჩაუყრიდა, ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებას. დღეს, განხორციელდა ჩვენი წინაპრების ოცნებაც, რომ საქართველოს ჰქონოდა ძლიერი უნივერსიტეტი, ძლიერი აკადემიური საზოგადოება და ამით კიდევ უფრო მეტად შეგვექმნა, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. გაზაფხულზე, ქუთაისში, ერთ-ერთმა წარმატებულმა ფერმერმა მითხრა, რომ მისი შვილები სკოლას ამთავრებდნენ და ნერვიულობდა, რომ ისინი განათლების მისაღებად ევროპაში მიემგზავრებოდნენ. მან მითხრა, რომ ძალიან გახარებული და ბედნიერია, რომ დღეს ევროპული დონის, საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი იხსნება საქართველოში და მის ქალაქში – ქუთაისში.

მინდა, შევუერთდე, ჩვენი თანამოქალაქეების განცდას და სიხარულს, რომელიც ამ მნიშვნელოვანი და მართლაც შთამბეჭდავი უნივერსიტეტის გახსნას თან ახლავს. მსურს, მადლობა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება თავის მომავალს, ევროპასა და დასავლურ ცივილიზაციას. რა თქმა უნდა, ამ უნივერსიტეტის აშენებისთვის ქველმოქმედება და მეცენატობა, ეს არის მამულიშვილური საქმე. საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და ფონდ „ქართუს“, ასევე მათ, ვინც იმუშავა ამ ბრწყინვალე პროექტისთვის. წარმატებებს ვუსურვებ სტუდენტებს, რადგან ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი და შესაძლებლობა მათთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.