არჩილ თალაკვაძე - ქიბარ ხალვაშის უკან დგანან მისი ოჯახის წევრები და არა ბიძინა ივანიშვილი
ქიბარ ხალვაშის უკან დგანან მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ადვოკატები, რომლებიც მის ინტერესებს იცავენ, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, დგას თუ არა ქიბარ ხალვაშის უკან ბიძინა ივანიშვილი.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია ინფორმაცია.
„მედიაპლურალიზმს აჩვენებს პირველ რიგში, მიკროფონების რაოდენობა, რომელიც ახლა აქ არის წარმოდგენილი. ამ მიკროფონების რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე არის გაზრდილი. თქვენ ნახეთ ლიცენზიის გაცემის პირობები, თქვენ ნახეთ რეგულაციები მედიასთან დაკავშირებით, რომელიც გამარტივებულია, თქვენ ნახეთ მედიასაშუალებების რაოდენობა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაზრდილია. აი, ეს აჩვენებს მედიაპლურალიზმს, აჩვენებს თქვენი მიკროფონების რაოდენობა. რაც შეეხება მედიას და მედიის ბედს მომავალში, გეტყვით, რომ საქართველო იმსახურებს, ჰყავდეს პროფესიონალი, ობიექტური და ეთიკური მედია. თავისუფალი მედია, რომელიც დასავლური და საერთაშორისო სტანდარტებით მაუწყებლობს. ჩვენ ამ პრინციპების დამცველები ვიყავით აქამდეც როგორც ხელისუფლება და ვიქნებით ამის დამცველები მომავალშიც. დანარჩენი შეფასებები თქვენ თავად გააკეთეთ, არის თუ არა ქართულ მედიასივრცეში გინების, პირადი შეურაცხყოფების სივრცე, რა დოზით, რომელ ტელევიზიებს საზოგადოება როგორ შეაფასებს, ამ კუთხით ეს არის თვითრეგულირების საკითხი და ეს უნდა გადაწყვიტოს საზოგადოებამ, შესაბამისად, ხელისუფლება ამაში არ ერევა“, – განაცხადა თალაკვაძემ.