არჩილ თალაკვაძე - „ქართულმა ოცნებამ“ არსებითი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე, ამ ისტორიის გადაფარვა და გადაწერა შეუძლებელია
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ რეალური პროგრესი აჩვენა და არსებითი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე, ამიტომ ამ ისტორიის გადაფარვა და გადაწერა შეუძლებელია.
აღნიშნული განცხადებით თალაკვაძე კანდიდატის სტატუსზე ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის კომენტარს გამოეხმაურა.
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მოეწერა ხელი და ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიიღო საქართველომ უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ევროპული პერსპექტივა. ახლა სტატუსის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას ველოდებით. ეს არის ფაქტები, ისტორია, რომლის გადაწერა და შეცვლა რაიმე პოლიტიკური განცხადებით ან ბრალდებით უბრალოდ შეუძლებელია, რადგან საზოგადოებამ ეს ყველაფერი ამ წლების განმავლობაში ნათლად დაინახა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში, კომენტარის სახით დაწერა: „მთავარი ბოდვა, რაც კანდიდატის სტატუსის თემაზე არსებობს, არის ილუზია, რომ სტატუსი ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს შეუქცევადს გახდის. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვერ ხვდება ხალხი, რომ რუსული ხელისუფლება თუ დარჩა ქვეყნის სათავეში, კანდიდატის სტატუსს არანაირი ღირებულება არ ექნება“.