არჩილ თალაკვაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა სპეკულაციებს, თითქოს საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია
„ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი მზად ვართ, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები ეკონომიკის გაძლიერებისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, როდესაც ოპონენტები საზოგადოებას უმტკიცებენ, თითქოს, საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.
ამასთან, როგორც თალაკვაძემ განაცხადა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა ამ სპეკულაციებს მკაფიო პასუხი გასცა.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებსა და ბრალდებებს, თითქოს საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო მოწინავეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით და დადებითად არის შეფასებული ჩვენთან არსებული ბიზნესგარემო. ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები ისეთ რეიტინგებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსი, საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასება და ასევე კორუფციის აღქმის ინდექსი.
ასევე, დადებით კონტექსტში არის ნახსენები მთავრობის მიერ გატარებული ისეთი რეფორმები, როგორებიცაა საგადასახადო კოდექსში ცვილელებები, რომლებიც მოგების რეინვესტირებას უკავშირდება. საპენსიო რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, შრომის კოდექსში მომზადებული ცვლილებები, როგორიცაა აწარმოე საქართველოში და დადებითად არის შეფასებული მთავრობის ნაბიჯები და გადაწყვეტილებები ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობის ხელშესაწყობად. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალებს დღეს ბევრად მეტი ხელმისაწვდომობა აქვთ ბიზნესის კეთებისა და ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით. ყურადღება გამახვილებულია საქართველოში საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება საკუთრების უფლებაში უკანონო ჩარევა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ ასეთი ხდებოდა წინა მთავრობის დროს, როდესაც კერძო საკუთრების არა გამჭირვალედ და იძულებით გადაცემის შემთხვევებს ჰქონდა ადგილი.
ანგარიშში ხაზგასმულია აშშ-ს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ყურადღება არის გამახვილებული რუსეთი მხრიდან სამხედრო აგრესიაზე და ნათქვამია, რომ ოკუპაცია დღემდე გრძელდება თავისი ნეგატიური შედეგებით და მძიმე დარღვევებით, რომელიც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სტაბილურობის კუთხით სახ. დეპის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქუჩის საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში ხშირი არ არის, ხოლო 2019 წლის ივნისში, როდესაც დემონსტრანტების მიერ განხორციელდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციამ კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტები. ეს არის ის, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემა ფუნქციონირებს გამჭირვალედ და საერთაშორისო ნორმების დაცვით. გასული 10 წლის მანძილზე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაფიქსირებულია 10-ზე მეტი აშშ-ს მოქალაქეების ჩართულობით საინვესტიციო დავები, თუმცა აღნიშნული ისტორიის მანძილზე სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა არამართლზომიერი ქმედება უცხოელ ინვესტორთა წინააღმდეგ. ხაზგასმულია, რომ 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაძლიერდა საპარლამენტო ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მოყვანილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2019 წლის ანგარიში, სადაც საქართველო ერთერთი მოწინავეა რეგიონში ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების გამჭირვალობის კუთხით. ხაზგასმულია, აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების როლი და მოყვანილია ისეთი მსხვილი საინვესტიციო პროექტები, როგორიც არის მაგალითად Pace ტერმინალისათვის და ლიბერთი ბანკისათვის გამოყოფილი დაფინანსება და ინვესტიციები. “ქართული ოცნების” სახელისუფლებო გუნდი მზად ვართ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით განვაგრძოთ რეფორმები ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას მიზანმიმართულად უმტკიცებდნენ სრულიად საპირისპიროს, ვიდრე ამ ანგარიშში არის მოცემული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მიგვაჩნია, რომ მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს და ბრალდებებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის თითქოს ბიზნესის განვითარებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ცალსახად აღნიშნულია, რომ ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მიღწევებთან ერთად, გარკვეულ გამოწვევებზეცაა საუბარი. საერთაშორისო რეიტინგებზე დაყრდნობით დადებითად არის შეფასებული ბიზნესის განვითარების მხრივ არსებული ვითარება და ინვესტიციების მოსაზიდად გატარებული რეფორმები, თუმცა ცალკეული ბიზნესებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების ხაზგასასმელად მოყვანილია კონკრეტული პროექტები და ფაქტები.