არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულთან დაკავშირებით ოპონენტების კომენტარები ძალიან სუსტი და საფუძველს მოკლებულია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერჯერობით საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა და სიის დანარჩენ ნაწილშიც ღირსეული ადამიანები იქნებიან წარმოდგენილი.
მისივე თქმით, კანდიდატების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება იყო.
„ჩვენ გუშინ საზოგადოებას წარვუდგინეთ საკუთარი პროპორციული სიის პორველი ოცეული. აქვე მინდა გითხრათ, რომ სიის დანარჩენ ნაწილშიც წარმოდგენილი იქნებიან ძალიან ღირსეული ადამიანები, ძალიან წარმატებულები. მთავარი კრიტერიუმები, რასაც გამოვყოფდი, იყო პროფესიონალიზმი, ასევე კეთილსინდისიერება. ესენი გახლავთ წარმატებული ადამიანები, რომელთაც რეალურად აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი გამოცდილება, საკუთარი ცოდნა მოახმარონ საქმეს, რომელსაც ჰქვია სახელმწიფო მმართველობა და საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, თალაკვაძე საარჩევნო სიის ოცეულთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან ვერცერთი ობიექტური შეფასება ვერ მოისმინა.
„მესმის, რომ ჩვენს ოპონენტებს სერიოზული კომენტარები არ ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ. ვერ ვნახე ვერცერთი საქმიანი გამოხმაურება და ობიექტური შეფასება ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ძირითადად, ადამიანები, რომლებიც ბოლო 20 წელია, საზოგადოების ნდობას ვერ იმსახურებენ, ზუსტად ისინი ამბობენ, რომ ამ სიაში განახლებას ვერ ვხედავთო, მაშინ, როდესაც ოცეულში არის მნიშვნელოვანი განახლება. არა მხოლოდ 2020 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წელსაც გააკეთა მნიშვნელოვანი განახლება. აი, ამ ოპონენტებს, სხვათა შორის, დღემდე არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარ პოლიტიკურ პარტიებში მცირე განახლებაც კი გააკეთონ. ამ შემთხვევაში, მათი კომენტარები უბრალოდ საფუძველსაა მოკლებული, ძალიან სუსტი, სუსტი პოზიციიდან საუბრობენ ისინი და ამ ყველაფერს ჩვენ არჩევნები დაგვანახებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ წარვადგინეთ ნამდვილად კარგი გუნდი, სადაც გამოცდილი ადამიანები და ასევე ახალი სახეები, ახალი ადამიანები, ახალი კადრები არიან წარმოდგენილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ახალ იდეებს, ახალ ენერგიას და მოტივაციას შემოიტანენ პოლიტიკაში.
ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ შევძელით პრაგმატული, სწორი საგარეო პოლიტიკის გატარება, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გამტკიცება. ჩვენ შევძელით ადამიანის უფლებების დაცვა, ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე. ჩვენ შევძელით ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფა და სწორედ ეს გვაძლევს იმის საფუძველს, საზოგადოებას ვუთხრათ, რომ მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული გუშინ წარადგინა.