არჩილ თალაკვაძე - ოპონენტებს ნუ ეგონებათ, რომ სადმე შორს მივდივართ, „ქართული ოცნება“ იქნება ძალიან ძლიერი ამ პარლამენტში
არიან ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ, შეთქმულების თეორიები, გარკვეული მოგონილი სცენარები დაიჯერონ, ეს სწორედ ის ხალხი გახლავთ, ვისაც თავის ცხოვრებაში ვერ წარმოუდგენია, როგორ შეუძლია, ადამიანმა თანამდებობაზე მოსვლა ან წასვლა გადაწყვიტონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თანამდებობები „ქართული ოცნების“ გუნდში არავის თვითმიზანი არ არის.
„ჩვენი გუნდის სტანდარტი გახლავთ, რომ თანამდებობები „ქართული ოცნების“ გუნდში არავის თვითმიზანი არ გახლავთ. ვფიქრობ, ნამდვილად პირველი არ ვარ, ვინც ეს დაამტკიცა და საზოგადოებას ნათლად აჩვენა. თუმცა ჩვენს ოპონენტებს ნუ ეგონებათ, რომ ჩვენ სადმე შორს მივდივართ. „ქართული ოცნება“ იქნება ძალიან ძლიერი ამ პარლამენტში. მერწმუნეთ, ძალიან მძიმე ოპონირებისთვის ვართ მზად. ამ ხელშეკრულების განხორციელების პირველმა ნაბიჯებმა დაგვანახა, რომ წინ ნამდვილად მნიშვნელოვანი სამუშაო გვაქვს განსახორციელებელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, თალაკვაძემ კახა კუჭავას წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ კუჭავა პროგრესული ადამიანია, რომელიც პარლამენტის მუშაობას საუკეთესოდ გაუძღვება.
„რაც შეეხება ჩვენს მეგობარს და კოლეგას, კახა კუჭავას წარმატებებს ვუსურვებ, ის არის პროგრესული ადამიანი, ვისაც კარგი განათლება აქვს მიღებული, ძალიან მოტივირებულია. ვფიქრობ, ის მზად არის და საუკეთესოდ გაუძღვება პარლამენტის მუშაობას, მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენ წინ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დებატები გველის პარლამენტში. კახა კუჭავას აქვს კარგი გამოცდილება როგორც საარჩევნო პროცესში მონაწილეობის, ასევე ის არის კვალიფიციური, პროფესიონალი იურისტი, საერთაშორისო მიმართულებით იყო აქტიურად ჩართული. დარწმუნებული ვარ, ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველოს პარლამენტის შემდგომ საქმიანობაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სწორად, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები და საზოგადოება დარწმუნდება ამაში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.