არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს პარლამენტში, ყველა პოლიტიკურ ფორმატში ჯანსაღ თანამშრომლობას ეროვნული ინტერესების გარშემო
მადლობა საქართველოს პრეზიდენტს ამ ინიციატივისთვის, მისი ინსტიტუციური როლი სწორედ ეს გახლავთ, რომ პოლიტიკური სისტემის სტაბილურობასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობას შეუწყოს ხელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტისა და პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა ეროვნულ ინტერესებთან, ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით.
„მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგების პატივისცემა, სამართლიანი შეფასებები, რაზეც პრეზიდენტმა გააკეთა აქცენტი, არის საფუძველი პოლიტიკური სისტემის და მომავალი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ამოცანები, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში. იყო საუბარი, რომ პანდემიის დასრულება და ეკონომიკის აღდგენა დღეს შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით არის პრიორიტეტული. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ასევე საერთო ამოცანა, რომელზეც ჯანსაღ პოლიტიკური პარტიებს უნდა ჰქონდეთ საერთო პოზიცია – ეს ყოველთვის ჩვენც მიგვაჩნდა, რომ ასეა, ამიტომ „ქართული ოცნება“ იმ დემოკრატიული რეფორმების შემდეგ, რაც ჩვენ გავატარეთ, მომდევნო წლების განმავლობაშიც, მაქსიმალურად უზრუნველყოფს პარლამენტშიც, ყველა პოლიტიკური ფორმატშიც ჯანსაღ თანამშრომლობას ეროვნული ინტერესების გარშემო“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „დროას“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ ლიდერები.