არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ 2020 წლისთვის საზოგადოების წინაშე განახლებული პოლიტიკური პროგრამითა და გუნდით წარდგება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამეს.
არჩილ თალაკვაძემ შუალედური არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უმრავლესობას კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მაღალი ნდობა.
„სხდომაზე ასევე ვიმსჯელეთ სამომავლო პროექტებსა და მიმართულებებზე. ეს პასუხისმგებლობა შუალედური არჩევნების შემდეგ ჩვენთვის კიდევ უფრო ძლიერია, ასევე, ეს მოტივაცია, რომელიც მიიღო თითოეულმა ჩვენმა თანაგუნდელმა, აუცილებლად იქნება ჩვენი მხრიდან გამოყენებული, რომ კიდევ ერთხელ გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა დედაქალაქსა და რეგიონებში.
რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, რომელზეც დეტალურად ვიმსჯელეთ, ძალიან მნიშვნელოვანი დრო და ენერგია დაიხარჯება რეგიონებშიც. თითოეული დეპუტატი, მაჟორიტარი, მთავრობის წევრები ერთად გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან და გადავჭრით ყველა იმ საკითხს, რომელზეც შუალედურ არჩევნებზე იყო საუბარი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 2020 წლისთვის საზოგადოების წინაშე განახლებული პოლიტიკური პროგრამითა და გუნდით წარდგება.
„როგორც იცით, მუშაობა დაწყებული გვაქვს ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე, ასევე დაწყებულია კონსულტაციები, რაც ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, 2020 წლისთვის მოგვცემს იმას, რომ „ქართული ოცნება“ განახლებული პოლიტიკური პროგრამითა და გუნდით წარდგება საზოგადოების წინაშე. თითოეული ჩვენი თანაგუნდელი თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს მომავალ პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხვდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე, რომ გუშინ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის დაშინებასა და შანტაჟს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:
„ის, რაც გუშინ „რუსთავი 2“-ის მხრიდან ვიხილეთ, ვფიქრობ, ყოველგვარ მედიასტანდარტს სცდება. ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენმა ხელმძღვანელობამ ჟურნალისტებს აიძულა, ასეთ მარგინალურ ხაზში შევიდეს საერთო ეროვნული მასშტაბის მაუწყებლობის მქონე ტელევიზია, ვფიქრობ, სახეზეა პოლიტიკური ჩარევა მედიასაშუალების საქმიანობაში, რომელმაც სამწუხაროდ, ასეთ ზღვრამდე მიიყვანა „რუსთავი 2“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების დასრულებამდე ოპოზიციის მიზანი არჩევნების დისკრედიტაცია იყო.
„ჩვენ წინასწარ ვთქვით, რომ ოპოზიციის მიზანი უშუალოდ არჩვენების დასრულებამდეც უკვე იყო ამ არჩევნების დისკრედიტაცია, რადგან ხედავდნენ, რომ მარცხდებოდნენ. სწორედ ამ მეთოდებით ცდილობდნენ, წინასწარ როგორმე თავი ემართლებინათ, რეალურად მარცხის შემყურე იყვნენ და ბოლოს გამოჩნდა, რომ თავის ამომრჩეველს ის კი არ უთხრეს, რატომ დამარცხდნენ, არამედ ისევ გადააბრალეს საზოგადოებას, მოქალაქეებს. ეს არის ერთგვარი შეურაცხყოფა ჩვენი ამომრჩევლის, როდესაც ოპოზიციური ძალა მხარდამჭერებსა და საზოგადოებას ეუბნება, რომ საზოგადოება ასეთი თითქოს იაფფასიანი მეთოდებით მანიპულირებადია. ეს არის სამარცხვინო შეფასებები, რასაც საზოგადოებამ პასუხი გასცა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.