არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებამდე პარლამენტში მყარ უმრავლესობას შეინარჩუნებს და არჩევნებზეც ძლიერი პოზიციებით გამოვალთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი არ დაიშლება, „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებამდე პარლამენტში მყარ უმრავლესობას შეინარჩუნებს და არჩევნებზეც ძლიერი პოზიციებით გამოვა.
ჟურნალისტებთან საუბრისას არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომაზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას ნორმალურ, სამუშაო კალაპოტში, კონსტრუქციულ ფორმატში წარმართავს. მისი თქმით, რესურსი არის, რომ გუნდში ყველა ძირითად პრინციპზე შეთანხმება მოხდეს, მათ შორის, მსჯელობა კრიტერიუმებზე გრძელდება.
„გვსურს, რომ საგაზაფხულო სესიისთვის მუშაობა დავასრულოთ და სასამართლოს საშუალება მივცეთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩიოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ხელს შეუწყობს, რაც ქვეყნის დემოკრატიას წაადგება. მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ ისეთ მნიშვნელოვან და რთულ საკითხზე, როგორიცაა სასამართლოს რეფორმა, მსჯელობა ადვილი იქნებოდა, განსხვავებული მოსაზრებების არსებობის მოსალოდნელი იყო. დღევანდელი დღე ხელს შეუწყობს, რომ საქმიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული“, – აცხადებს თალაკვაძე.
არჩილ თალაკვაძე ასევე ეკა ბესელიას მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე საკანონმდებლო ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუნდის წევრებს თავისი ხედვა და კრიტერიუმები აქვთ წარდგენილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროცესი ნორმალურ სამუშაო კალაპოტში დაბრუნდა.
„საინტერესო ინიციატივები და არგუმენტებია წარმოდგენილი. წინასწარი განწყობები რაც მედიაში ჩანდა, გარკვეულწილად გაზვიადებული იყო. უთანხმოება არსებობდა, მაგრამ ამჟამად პროცესი სამუშაო კალაპოტშია. არანაირი დაშლა არ მოხდება, „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებამდე პარლამენტში მყარ უმრავლესობას შეინარჩუნებს და არჩევნებზეც ძლიერი პოზიციებით გამოვალთ. ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს დამოუკიდებელ, თავისუფალ სასამართლოსა და იმ კურსს, რომელიც 2012 წლის შემდეგ ხორციელდება. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, მოსამართლეებისთვის უკეთესი პირობების და რეალური გარანტიების შექმნა იმისათვის, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.