არჩილ თალაკვაძე - პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით ყველა პარტიას რეალურ შანსებს აძლევს, საპარლამენტო წარმომადგენლობა არჩევნების გზით მიიღონ
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ბლოკებში გაერთიანება არ დასჭირდებათ იმისთვის, რომ მათ საკუთარი რეალური მხარდაჭერა საპარლამენტო მანდატებში ასახონ.
ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, პოლიტიკური სისტემა გახსნას და საზოგადოებას უფრო დემოკრატიული და თანასწორი საარჩევნო მოდელი შესთავაზოს.
„სწორედ ამ მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოვახდინეთ. რაც შეეხება ოპოზიციის ალტერნატიულ ინიციატივას, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ოპოზიციის ნაწილი ბლოკების დატოვებას ითხოვს, რაზეც პასუხი გვაქვს. პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას ვთავაზობთ არა მხოლოდ პროპორციულ სისტემას, არამედ პროპორციულ არჩევნებს ნულოვანი ბარიერით, რაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, მცირე და ახალ პოლიტიკურ პარტიებს, ტრადიციულ პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობას და რეალურ შანსებს აძლევს, რომ მათ საპარლამენტო წარმომადგენლობა მიიღონ არჩევნების გზით”, – განაცხადა თალაკვაძემ