არჩილ თალაკვაძე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მივიღეთ პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის, რაც ასე აკლდა ქართულ პოლიტიკას გასულ ათწლეულებში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასულ წელს განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქართული დემოკრატიისთვის.
„საქართველო ახლა საპარლამენტო რესპუბლიკაა. სუპერსაპრეზიდენტოდან გაცილებით სტაბილურ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა იოლი არ იყო. მანამდე არსებული კონსტიტუციური სტრუქტურა არასაიმედო იყო და არ გააჩნდა ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები.
საკონსტიტუციო რეფორმით, პარლამენტის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც, გვწამს, რომ მომავალში უფრო სტაბილურ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკურ სისტემას უზრუნველყოფს“, – განმარტა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებამ მოახდინა ინიცირება მნიშვნელოვანი რეფორმისა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული გახდება. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის, რაც ასე აკლდა ქართულ პოლიტიკას გასულ ათწლეულებში “, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას მან რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ისტორიული რეგიონების ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად უწევს წინააღმდეგობას რუსეთის შეტევას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
„გვწამს, რომ რუსული ოკუპაცია მხოლოდ დროებითია. ჩვენი პასუხი არის მეტი დემოკრატია და წარმატებების მეტი კონსოლიდაცია. ჩვენი მიზანია, ეს უთანასწორო ბრძოლა რუსეთთან მშვიდობიანი, თუმცა, მტკიცე წინააღმდეგობის გაწევით, გამარჯვებით დავასრულოთ“, – მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.