არჩილ თალაკვაძე - პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რათა დამოუკიდებელი გახდეს და ეს ხდება როგორც ინსტიტუციური განვითარებით, ასევე კანონმდებლობის შეცვლით
არჩილ თალაკვაძე - პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რათა დამოუკიდებელი გახდეს და ეს ხდება როგორც ინსტიტუციური განვითარებით, ასევე კანონმდებლობის შეცვლით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გენერალური პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რათა დამოუკიდებელი გახდეს და ეს ხდება როგორც ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, ასევე კანონმდებლობის შეცვლის სახით.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მთავარი პროკურატურის რეფორმები გატარდა იმ თვალსაზრისით, რომ პროკურატურა გამხდარიყო უფრო დამოუკიდებელი და ამით ხელი მართლმსაჯულების განხორციელებას შეუწყობდა.

მისი თქმით, მთავარ პროკურატურას ამ წლების განმავლობაში არაერთი გამოწვევა ჰქონდა.

„ახალი კონსტიტუცია პროკურატურის დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ საქმიანობას უზრუნველყოფს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს და მივესალმებით, რომ პროკურატურა აქტიურად მუშაობს ახალი კადრების მოყვანასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე. რეფორმები პროკურატურის საქმიანობას წაადგება. პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ დამოუკიდებელი გახდეს და ეს ხდება როგორც ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, ასევე კანონმდებლობის შეცვლის სახით. ის სასურველი წერტილი, როცა პროკურატურა სრულიად თანამედროვე იქნება, ეს მომენტი წინ გვაქვს, მაგრამ მთავარია, რომ ეს პროცესი ვითარდება”, – განაცხადა თალაკვაძემ.