არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტს თავის ფუნქციებთან და საკონსტიტუციო როლთან შესაბამისი ოფისი უნდა ჰქონდეს
პრეზიდენტს ისეთი ოფისი უნდა ჰქონდეს, რომელიც მის ფუნქციებთან და საკონსტიტუციო როლთან შესაბამისობაში იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასახლე და რეზიდენცია მეორეხარისხოვანი საკითხია, მთავარია, რა მნიშვნელოვან საქმეებს გააკეთებს პრეზიდენტი.
„შეკითხვა – თუ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელ სასახლეში შევა ის, ჩვენთვის ასე ჟღერს – როცა „ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმარჯვებს, რა მნიშვნელოვან საქმეებს გააკეთებს ის. სასახლე და რეზიდენცია ჩვენთვის მეორეხარისხოვანი საკითხია. ვფიქრობ, პრეზიდენტს ისეთი ოფისი უნდა ჰქონდეს, რომელიც მის ფუნქციებთან და საკონსტიტუციო როლთან შესაბამისობაში იქნება. დაველოდოთ საპრეზიდენტო კამპანიას, არჩევნების შედეგებს და ამ მეორეხარისხოვან საკითხზე ჩვენს პოზიციას გაიგებთ. არამგონია, საზოგადოებისთვის რეზიდენცია პირველი მნიშვნელობის საკითხი იყოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, თალაკვაძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით შიდაპარტიული კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დაასახელებს.
„ჩვენ, „ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისის ბოლოს, არაუგვიანეს აგვისტოს დასაწყისში დავასახელებთ. ჩვენი კანდიდატურა ღირსეული და გამარჯვების მაღალი შანსებით იქნება. საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ვინაიდან ეს საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებია. ასევე გვსურს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იმ კრიტერიუმებით და იმ მოლოდინების მიხედვით შეირჩეს, რომელიც საზოგადოებას აქვს. სხვა დეტალებს დღეს ვერ გეტყვით. კანდიდატურას მოკლე ხანში საჯაროდ წარვადგენთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.