არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტს შეუძლია, კიდევ ერთხელ ნახოს გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგი
პრეზიდენტს შეუძლია, კიდევ ერთხელ ნახოს გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„ამ კითხვებზე პასუხი არის თავად გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგი, სადაც ამომწურავად ისაუბრა. პრეზიდენტს შეუძლია კიდევ ერთხელ ნახოს ეს ბრიფინგი და ის განცხადებები, რაც ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, პირიქით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის აცხადებდა, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეგიონში“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო გუნდში კითხვები იყო იმის შესახებ, რამდენად ინკლუზიური იყო ეკონომიკური ზრდა, რამდენად კონკრეტულად აისახებოდა დაუცველ ჯგუფებზე და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებთან.
„როგორც იცით, სწორედ მამუკა ბახტაძის პროგრამა უკავშირდება ამ საკითხს, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს ინკლუზიური და ასევე, შემცირდეს ბიუროკრატიის დანახარჯი, ხოლო გამოთავისუფლებული რესურსი გამოვიყენოთ იმ ოჯახებზე, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ „კითხვები პარტნიორებს კი არა, აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში“.