არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტს მიმართავენ ევროპარლამენტარები, გვარამია შეიწყალეო, უნდათ, პოლიტიკურად გადაჭრან საკითხი, სხვა დროს კი გვეუბნებიან, პოლიტიკური ჩარევის გამო არ იმსახურებთ ევროკავშირში შესვლასო
არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტს მიმართავენ ევროპარლამენტარები, გვარამია შეიწყალეო, უნდათ, პოლიტიკურად გადაჭრან საკითხი, სხვა დროს კი გვეუბნებიან, პოლიტიკური ჩარევის გამო არ იმსახურებთ ევროკავშირში შესვლასო

გვარამია არ არის თავისუფალი ჟურნალისტი, ის არ არის თავისუფალი მედიის ფლაგმანი, არ არის ევროპელი ჟურნალისტი, საერთოდ არ არის ჟურნალისტი და ჩვენ ამ სიმართლეს ვერ შევცვლით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„გვარამიამ პირდაპირ თქვა, რომ ჟურნალისტებს იყენებდა პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ საქმე, რომლისთვისაც გასამართლებულია, სინამდვილეში არის შემდეგი – მან მაღალი ალბათობით იცოდა, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ საქმეს აგებდა სტრასბურგში, ანუ ტელევიზიაზე კონტროლს კარგავდა და ამიტომ გაძარცვეს ტელევიზია მინიმუმ, შვიდი მილიონით. ამისთვის არის ის დღეს მსჯავრდებული. სასამართლომ ასე თქვა და შესაბამისად, ამას ახლა რა ეშველება, მითხარით. გამოვიდეთ და ვთქვათ, თავისუფალი მედია მენეჯერი რადგან არის, ეპატიება შვიდი მილიონი და სახლში გავუშვათ? მაშინ, ამიხსენით, სასჯელაღსრულების სისტემაში ვიღაც ნოდარი რომ არის, დავითი, კაკო, გურამი და სხვები, ათასი, ათი ათასი, შვიდი ათასი, თუ ხუთასი ლარის ქუდრობისთვის გასამართლებული, სახელმწიფომ რა უნდა უთხრას მათ და მათ ოჯახებს? იქნებ, თქვენ გვასწავლოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ მოუწოდებენ რიგი ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს საინტერესოა, თუ რატომ გადიან პოლიტიკურ გზაზე რიგი ევროპარლამენტარები და რატომ მიმართავენ სალომე ზურაბიშვილს, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.

„ეს ხალხი გვეუბნება, საქმეში არის სამართლიანი ხარვეზებიო. ანუ, სამართლებრივად ეს კაცი მართალია, მაგრამ თქვენ გყავთ დაჭერილი პოლიტიკურადო და სამართლებრივი გზებით კი არ ეძებენ სიმართლეს, მათ შორის სტრასბურგში, აგერ, პრეზიდენტს მიმართავენ. უნდათ, რომ პოლიტიკურად გადაჭრან საკითხი. ანუ, ხელისუფლებას ეუბნებიან, პოლიტიკურად ჩაერიე სასამართლოს საქმეშიო, მერე კი, სხვა დროს გვეუბნებიან, პოლიტიკური ჩარევის გამო არ იმსახურებთ ევროკავშირში შესვლასო, ეს ოპოზიცია გვეუბნება. ხალხო, ჩამოყალიბდით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ მოუწოდებენ ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ჰუმანიტარულ საფუძველზე და სამკურნალოდ გადაყვანას და არის თუ არა დამაფიქრებელი ხელისუფლებისთვის ის, რომ საკითხი საერთაშორისო დოკუმენტში, ევროპარლამენტის რეზოლუციის კომპრომისულ შესწორებებშიც მოხვდა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ნებისმიერი მსჯავრდებული იღებდეს იმ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც ქვეყანაში კანონით არის გარანტირებული და მიხეილ სააკაშვილი კანონით გარანტირებულ ყველა სამედიცინო მომსახურებას იღებს.

„მითხარით, რა ირღვევა სააკაშვილთან მიმართებაში როდესაც ის თვეების განმავლობაში არის თანამედროვე სამოქალაქო საავადმყოფოში, რითაც სხვა მოქალაქეები სარგებლობენ? მას ამ თვეების განმავლობაში ნახულობს 1 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ძალიან ბევრი ექიმი, სამედიცინო ექსპერტი და ა.შ. ამიხსენით, რა ჰუმანიტარული საფუძვლები არსებობს? ჩვენ რომ ხელისუფლება გადმოვიბარეთ, მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, პენიტენციურ ჯანდაცვაზე პასუხისმგებელი და თუ გინდათ, მე მოგიყვებით, როდესაც თვითონ იყო პოლიტიკური ხელმძღვანელი, როგორი ხალხი ჰყავდათ პატიმრობაში და როგორ ადამიანებს არ ათავისუფლებდნენ. არ ათავისუფლებდნენ ადამიანებს ონკოლოგიური დიაგნოზებით და ტუპერკულოზის რეზისტენტული ფორმებით; შშმ პირებს, რომლებიც საკანში უბრალოდ, ფიზიკურად ვერ ცხოვრობდნენ; ადამიანებს, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდათ და, რომლებიც საერთოდ ვერ ხვდებოდნენ, სასჯელს იხდიდნენ, თუ სად იყვნენ. აი, ასეთ ადამიანებს არ უშვებდნენ და დღეს, შეხედეთ, რა ხდება. ჩვეულებრივად მოიხადეს სასჯელი დამნაშავეებმა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, შევიდნენ და გამოვიდნენ ჯანმრთელები და ეს ადამიანიც უფრო მეტ ყურადღებას იღებს, ვიდრე დანარჩენი ნებისმიერი პატიმარი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეკითხვაზე, რატომ არ ესმით ეს ევროპარლამენტარებს და რატომ დაუჭირეს მათ მხარი ასეთი ფორმულირებით შესწორებას, თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს მხარდაჭერა განსხვავებული მიზეზებით ხდება.

„იქ არის ხალხი, ვისაც ესმის და არის ხალხი, ვისაც ინტერესი არ აქვს, სიღრმისეულად ჩავიდეს ამ თემაში, რადგან იქ ბევრი საკითხი განიხილება, ყოველდღე არის კენჭისყრა და ყველა ყველაფრის ექსპერტი არ არის, რა თქმა უნდა. არის მესამე ჯგუფი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში აგულიანებდა, რომ ისევ დაბრუნდეს იმ სახლის პატრონად, რომელიც მას ჩაბარებული ჰქონდა და, რომელიც გადაწვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.