იმედი გვაქვს, მართლმადიდებელი ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და შემდგომი ღონისძიებების მიღება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
„როგორც ხედავთ, დეკრეტში არ არის რაიმე რიცხვი განსაზღვრული, 10, 15 ან 20, ეს ერთი. მეორე – სახელმწიფოს და ეკლესიას, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არსებობს ძალიან კონსტრუქციული, ხანგრძლივი და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. შესაბამისად, ამ პერიოდში, როდესაც მსოფლიოში არის Covid-19-ის პანდემია და საქართველომ ეფექტურად მოახერხა ვირუსის გავრცელების შეფერხება, პირველ ეტაპზე, თუკი ამის საჭიროება იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და შემდგომი ღონისძიებების მიღება. მესამე საკითხი – როგორც დეკრეტის ტექსტი ამბობს და თქვენ შეგიძლიათ, გაეცნოთ პრეზიდენტის დეკრეტს, პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, თუ დამატებითი ღონისძიებების გატარება გახდება საჭირო, ამაზე დამატებითი დეკრეტი გამოიცემა.
„შემდეგი ნიუანსი, რაც მინდა გითხრათ. ბატონმა პრემიერმა თქვა და მას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა ამ საკითხთან მიმართებაში. თუ ჯანმრთელობის უფლების განხორციელება, თუ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შემდეგი ღონისძიებები აუცილებლად მოითხოვს ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიც არის კარანტინი, როგორიც არის სხვა უფლებების შეზღუდვა, ეს განხორციელდება დამატებითი დეკრეტით და რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ჩვენი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება ამაში. ასევე, მინდა, თქვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ვთქვა, როდესაც არის ეპიდემიის საფრთხე, ამ შემთხვევაში მთავრობამ უნდა მოძებნოს ბალანსი რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასა და ჯანმრთელობის უფლებას შორის. შესაბამისად, მთავრობას დღეს ჩვენ მივეცით უფლება, რომ თუ ეს საჭიროებები, თუ ჩვენება შეიცვალა დამატებითი ღონისძიებების მისაღებად, მან ეს ღონისძიებები და უფრო მკაცრი შეზღუდვები მიიღოს. ამიტომ, ნებისმიერ დღეს დეკრეტის გამოცემის შემდეგ თუ ბალანსი შეიცვლება და საჭირო გახდება ჩვენი მოქალაქეების დასაცავად დამატებითი, უფრო მკაცრი ზომების მიღება, ასეთი ზომები იქნება მიღებული მთავრობის მიერ და მთავრობას ექნება პარლამენტიდან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და ის დეკრეტი, რომელიც გამოსცა საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ და რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, მკაფიოდ აკეთებს კონსტიტუციური უფლებების ჩამონათვალს.
„მათ შორის, ამ ჩამონათვალში, რომელიც შეიძლება, შეიზღუდოს, არ არის ამ მომენტისთვის რწმენისა და აღმსარებლობის უფლება. რაც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ეს ეხება იმ საჯარო შეკრებებს, სადაც შესაძლოა, არის ინფექციის გავრცელების რისკი. როგორც გითხარით, თუ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ჩათვლის, რომ ხვალ ან ნებისმიერ მომდევნო პერიოდში ეს შეზღუდვები გაამკაცროს, რა თქმა უნდა, მას ექნება პარლამენტის მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ასეთი შეზღუდვები უნდა იყოს მიღებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და ჯანდაცვის უფლების ბალანსში და პარლამენტი რა თქმა უნდა მხარს უჭერს ამ ღონისძიებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, რა განსხვავებაა შეკრებას და მანიფესტაციას და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას შორის, ეს საქართველოს კანონმდებლობაში, ასევე საერთაშორისო კონვენციებში მკაფიოდ არის განმარტებული.
„აქ განმარტებების დაზუსტება საქართველოს მთავრობის ან პარლამენტის მხრიდან არ არის საჭირო, ვინაიდან ეს საკითხები ძალიან მკაფიოდ არის დარეგულირებული კანონით და საერთაშორისო აქტებით. პრემიერი საუბრობდა სწორედ შეკრებისა და მანიფესტაციის ნაწილზე, რომელზეც დეკრეტში არის მოცემული შეზღუდვა, თუმცა შეზღუდვა არ არის მოცემული რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით. ეს არის ის, რაც მე შემიძლია, გიპასუხოთ, როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ. თუ მომავალში, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი და ჩვენი ჯანდაცვის სამსახურები ჩათვლიან, რომ საჭიროა, უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება და სხვა უფლებებზეც შეზღუდვების დაწესება, როგორც გითხარით, ჯანმრთელობის უფლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე, მათ პარლამენტის პოლიტიკური მხარდაჭერა ექნებათ. აქვე, ხაზგასმით მინდა, გითხრათ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რელიგიურ ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას, საზოგადოებას შორის, ამ მომენტში არსებობს სრული ერთიანობა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს სრული მოლოდინი და იმედი, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია არის მოწოდებული და გააკეთებს ყველაფერს, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.