არჩილ თალაკვაძე - შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის აქცენტები სწორი და სახელმწიფოებრივი იყო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოზიციას მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით სწორსა და სახელმწიფოებრივს უწოდებს.
ამასთან, თალაკვაძის თქმით, რეფორმების შედეგად საქართველოში პატიმრებს აქვთ საშუალება, რეინტეგრაციის სხვადასხვა გზით ისარგებლონ.
„პრეზიდენტმა გააკეთა სწორი და სახელმწიფოებრივი პოზიციები შეწყალებასთან დაკავშირებით. მოხარული ვარ, რომ ჩვენს სახელმწიფოში გატარებული რეფორმების შემდეგ, ძალიან ბევრ პატიმარს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ალტერნატიული გზებით რეინტეგრაციისთვის, ოჯახთან ურთიერთობისთვის. ეს არის ელექტრონული პატიმრობა, ეს არის დაწესებულებები, საიდანაც შაბათ-კვირას ძალიან ბევრი პატიმარი სახლში, ოჯახთან ატარებს, ეს არის დაწესებულებები, სადაც დასაქმება, განათლება არის შესაძლებელი და სადაც რეალურად ფუნქციონირებს პირობითად გათავისუფლების მექანიზმი. ყველა ადამიანს, ვინც პატიმრობაში რჩება, ვისურვებ, მალე დაუბრუნდნენ ოჯახებსა და საზოგადოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება შეწყალების დღევანდელ აქტს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა.
„კონსტიტუციით და კანონით პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, თავად მიიღოს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ბევრი საქმე იყო განხილული, როგორც ჩანს. არ ვიცნობ პერსონალურად იმ ადამიანთა საქმეებს, რომლებმაც პრეზიდენტს მიმართეს. მინდა, გითხრათ, რომ პრეზიდენტის აქცენტები შეწყალებასთან დაკავშირებით იყო სწორი და სახელმწიფოებრივი. რა თქმა უნდა, შეწყალება ვერ იქნება გამოყენებული მართლმსაჯულების პროცესის ალტერნატივად და შეწყალება ვერ იქნება რაოდენობრივი თვალსაზრისით ისეთი მასშტაბის, როგორც ეს იყო წინა შემთხვევებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი შეფასებით, პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯები, რომ საქართველოში შეწყალების პროცესი საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსი იყოს.
„საქართველოს პრეზიდენტმა გადადგა ძალიან მკაფიო ნაბიჯები, რათა საქართველოში შეწყალების პროცესი და მექანიზმი დაემსგავსოს პრაქტიკას, რომელიც არის აშშ-ში და ევროპაში. დანარჩენი უნდა გააკეთოს ალტერნატიულმა მექანიზმებმა, ეს არის პირობით ვადამდე გათავისუფლება, ელექტრონული პატიმრობა და ა.შ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პრეზიდენტმა საშობაოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული სია, ისევე, როგორც გასული წლის შემთხვევაში, მხოლოდ მისი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბდა.