არჩილ თალაკვაძე - პრევენციული ღონისძიებებისა და სისტემური რეაგირების შედეგად, საქართველო „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით სტაბილურ ვითარებას ინარჩუნებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრევენციული ღონისძიებებისა და პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით, მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური რეაგირების შედეგად, პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში სტაბილური ვითარება რჩება.
პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძე მსოფლიოში პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ინფიცირებულთა რაოდენობა გაზრდილია.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის სამსახურებს და მოკავშირე უწყებებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და განაცხადა, რომ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის კუთხით, კვლავ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.
„მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მინისტრს, ყველა ექიმს, ეპიდემიოლოგს, ექთანს, ასევე, მოკავშირე სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ქვეყანაში არ მოხდეს „კოვიდ-19“-ის ფართოდ გავრცელება.
როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ჩვენ მომავალშიც დაგვჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, მობილიზაცია და სამსახურებს – ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და სხვა სამსახურებს კვლავ დასჭირდებათ ძალისხმევის შენარჩუნება, რომ ქვეყანაში ვითარება უსაფრთხო დარჩეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე კორონავირუსის პირობებში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობასაც გამოეხმაურა.
მან, საქართველოს პარლამენტის სახელით, აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
„ეს იყო სისტემური ამოცანა „კოვიდ-19“-ის პირობებში და განათლების სამინისტრომ, მთავრობამ შეძლო ამ ამოცანის ეფექტიანად გადაჭრა, უახლოეს პერიოდში, ივლისის ბოლოს უკვე მთავრდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, აბიტურიენტებისთვის და მინდა, კიდევ ერთხელ, პარლამენტის სახელით, ყველა აბიტურიენტს წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.