არჩილ თალაკვაძე - პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს და იმედი მაქვს, სამართლიანი პირობების გარშემო შეთანხმებას შევძლებთ
გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად გაგრძელდება და შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დარჩება პროცესში, როგორც მედიატორი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება მოლაპარაკებები. თალაკვაძეს იმედი აქვს, რომ საამრთლიანი პირობების გარშემო შეთანხმებას მოახერხებენ.
„მის ნაცვლად (კრისტიან დანიელსონის) მე ვერ გავაკეთებ კომენტარებს, მაგრამ ჩვენ, რასაკვირველია, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად გაგრძელდება და ბატონი დანიელსონი, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი დარჩება პროცესში, როგორც მედიატორი. ჩვენ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს და დიდი იმედი მაქვს, რომ სამართლიანი პირობების გარშემო შეთანხმებას შევძლებთ. ამ ეტაპზე დამატებით პუნქტებზემსჯელობა არ გვქონია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება კითხვას, სამომავლოდ დანიელსონი იქნება თუ არა ჩართული პროცესში, თალაკვაძის განმარტებით, რამდენადაც აქვს ინფორმაცია, დანიელსონს აქვს გარკვეული წინასწარი გეგმა შემდგომ პროცესებთან დაკავშირებით.
„არ ვფიქრობ, რომ ეს მე უნდა გავახმოვანო“, – დასძინა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციების დაახლოებას გარკვეული დრო დასჭირდება.
„სულ რაღაც ორი დღეა, რაც ვსაუბრობთ ევროკავშირის მედიაციით, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამას დასჭირდება დრო, რათა პოზიციები დაახლოვდეს მნიშვნელოვან საკითხებზე, ჩვენ შევთანხმდეთ. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოზიცია, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსაც კარგად ესმის, პროცესი, რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, მაღალი ალბათობით, ორ ან სამ დღეში ვერ დასრულდება. ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს და პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ ნახავთ შემდგომ პროცესსაც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.