არჩილ თალაკვაძე - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურებთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები დაწყებულია, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები უკვე დაწყებულია, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამოსავალი კრიტერიუმებია, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს ეკონომიური განათლება, ეკონომიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება, ასევე წარადგინოს სამოქმედო გეგმა სოციალურ საკითხების მიმართულებით.
„დღეს ვიწყებთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის და სამთავრობო ცვლილებების განხილვას, რომელიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. კანდიდატურებთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები უკვე დაწყებულია, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა. განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმებია, ის რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს ეკონომიური განათლება, ეკონომიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება, გაუმკლავდეს, წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა იმ მიმართულებით, რომელიც შეეხება სოციალურ საკითხებს, იმ შედეგებს, რაც ბოლო პერიოდშია ცნობილი.
მოწყვლად ჯგუფებთან ერთად, არაერთი ოჯახი ისევ რჩება სიღარიბის პირისპირ. ჩვენი მოლოდინია, რომ ახალ სამთავრობო გუნდს ექნება აქტიური სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე – განიხილება თუ არა ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა, თალაკვაძე პასუხობს: „ეს იყო პრეზიდენტის ვარაუდი, ამ შემთხვევაშიც, მისი პოლიტიკური პროგნოზი მცდარია“.
რაც შეეხება სამთავრობო გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, მთავარია, უპირველესად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე მოხდეს შეთანხმება და სამთავრობო გუნდის ცვლილებაზე მსჯელობა შემდეგ დაიწყება.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის გაფართოებული სხდომა იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.