არჩილ თალაკვაძე - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად იყო მიღებული
არჩილ თალაკვაძე - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად იყო მიღებული

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება მიღებული იყო პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად და ამ პოლიტიკური კონსულტაციების დიდ ნაწილს მედია თვალს ადევნებდა. გთხოვთ, ნუ მოძებნით ნურანაირ კონსპირაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა კითხვაზე, როდის გადაწყდა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა.

არჩილ თალაკვაძე ასევე გამოეხმაურა მამუკა ბახტაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან თანამდებობის დატოვების შესახებ პირველი საუბარი გაზაფხულის ბოლოს ჰქონდა.

„ეს არის მისი განცხადება და მე პირადად, არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს ამაში. თანამდებობა არ არის თვითმიზანი ჩვენს გუნდში. მამუკა ბახტაძემ შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი პოლიტიკური პროგრამისა და სამთავრობო პროგრამის განხორციელებაში. ვფიქრობ, მან ძალიან ნორმალურად და დემოკრატიული კულტურისთვის მისაღებად განმარტა, რატომ გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.