არჩილ თალაკვაძე - პრაიმერიზზე საუბრით რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გადაფაროს ის კრიზისი და რღვევა, რაც შიგნით მიმდინარეობს
არჩილ თალაკვაძე - პრაიმერიზზე საუბრით რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გადაფაროს ის კრიზისი და რღვევა, რაც შიგნით მიმდინარეობს

პრაიმერიზზე საუბარი იმან გამოიწვია, რომ ოპოზიციის შიგნით დაწყებულია რღვევის სერიოზული პროცესი, განსაკუთრებით, რადიკალურ ოპოზიციურ ბანაკში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამით რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ გადაფაროს ის კრიზისი და რღვევა, რაც შიგნით მიმდინარეობს.

„კარგად ხვდებიან, რომ ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. კარგად ხვდებიან, რომ თავის ამომრჩეველს რაღაც უნდა შესთავაზონ, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არ აქვთ სამომავლო გეგმა და ჩართული არ არიან საპარლამენტო საქმიანობაში. ეს არის ახალი სატყუარა, თუ ახალი ტყუილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის ამომრჩეველი, რომელმაც რადიკალურ ოპოზიციას ხმა ერთხელ უკვე მისცა და არჩევის მიუხედავად, პარლამენტში არ შემოვიდნენ, ან მაშინაც მოტყუებულ საზოგადოებას ელაპარაკებიან დღეს. 2024 წელს ჩვენს საზოგადოებას კარგი შესაძლებლობა ექნება, რომ თავისი არჩევანი გააკეთოს და პარლამენტი დააკომპლექტოს დემოკრატიულად. ამომრჩეველს თუ სურს, ოპოზიციური პარტიები აირჩიონ, სივრცე, რომელიც ანტისაზოგადოებრივ და ანტიპოლიტიკურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკავა, მეტწილად თავისუფლდება და შეიძლება, ის ახალმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეავსონ. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. ამას როგორ შეფუთავენ და ამომრჩეველს რა იმედს მისცემენ, ერთიანდებიან და ერთად უფრო მეტს შეძლებენ, ეს ყველაფერი უკვე ფასადია, ამის უკან დგას ღრმა პოლიტიკური კრიზისი, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არ აქვთ მომავლის გეგმა და ხვდებიან, რომ არჩევნებში სერიოზული შედეგის მიღება გაუჭირდებათ“, – განახცადა თალაკვაძემ.