არჩილ თალაკვაძე - პოზიციები დაახლოვდა მთავარ სამომავლო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი სფეროების რეფორმებს ეხება
ევროკავშირი მხარს არ უჭერს პარლამენტის ან საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით არანაირ დემოკრატიულ პროცესს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს არა იმიტომ, რომ ამისკენ „ქართული ოცნება“ მოუწოდებს, არამედ იმიტომ, რომ მათ პატივი უნდა სცენ თავიანთი ამომრჩევლის ნებას.
„ის, რაც ბატონი ბორელის და ევროკავშირის მხრიდან ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, მას აღიარებს, როგორც სამართლიან არჩევნებს. ეს ბატონმა ბორელმა გუშინ ძალიან მკაფიოდ თქვა. ასევე, გუშინ ევროკავშირიდან ძალიან მკაფიო გზავნილი იყო, რომ ევროკავშირი მხარს არ უჭერს პარლამენტის ან საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით არანაირ დემოკრატიულ პროცესს. მონაწილეობაზე უარის თქმა დემოკრატია არ არის, ვინაიდან თვითონ დემოკრატია დგას მონაწილეობაზე. ამიტომ, გზავნილი არის მკაფიო – ოპოზიცია უნდა ჩაერთოს საპარლამენტო პროცესში არა იმიტომ, რომ ამისკენ „ქართული ოცნება“ მოუწოდებს, არამედ იმიტომ, რომ მათ პატივი უნდა სცენ საკუთარი ამომრჩევლების გადაწყვეტილებას.
არ არსებობს არჩევნები, სადაც ორივე მხარე გამარჯვებულია. ამ არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და მეორემ მხარემ პატივი უნდა სცეს საზოგადოების არჩევანს, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი მხრიდან გადამოწმების და გამოძიების ყველა შეთავაზება გაკეთდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პოზიციები დაახლოვდა.
„ამაზე საუბარი აღარ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მნიშვნელოვანია, რომ უკვე პოზიციები დავაახლოეთ მთავარ სამომავლო საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანი სფეროების რეფორმებს ეხება. ამ რეფორმებზე ჩვენ პოლიტიკური პოზიციები აქამდეც გაცხადებული გვქონდა და დღეს კიდევ უფრო მეტად გვაქვს ჩვენი ხედვა ჩამოყალიბებული. მნიშვნელოვანია, რომ არგუმენტები სამართლიანად შეფასდეს, რის იმედსაც გვაძლევს ევროკავშირის ასეთი მაღალი ჩართულობა.
რაც ყველაზე მთავარია, ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია განაგრძობს პარლამენტის ბოიკოტირებას, როდესაც რადიკალური ჯგუფები განაგრძობენ პროცესისთვის ძირის გამოთხრას, როდესაც შეთანხმება ვერ დგება და ოპოზიციის დიდი ნაწილი არ არის ჩართული მმართველობის პროცესში, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დაკარგული დღეებია.
ამიტომ, დღეს ყველაზე მთავარია, მოვძებნოთ საერთო საკითხები და ეს საერთო პოზიციები გამოვიყენოთ შეთანხმებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ხვალ, რა თქმა უნდა, ოპონირება იქნება პარლამენტში, ჩვენ ვიქნებით ოპონენტები. ეს არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი, მაგრამ აქ მთავარია, რომ ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი პროცესი არ უნდა მიმდინარეობდეს. არც ბოიკოტი და არც შეთანხმება არ უნდა მოხდეს ჩვენი ეროვნული ინტერესების თუ საზოგადოების ინტერესების ხარჯზე. აი ეს არის ჩვენი დამოკიდებულება დიალოგის მიმართ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.