არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური პატიმარი, ასეთი ჩანაწერი ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს
დღეს კიდევ ერთხელ შევთანხმდით მთავარ პრინციპზე, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს და ვერ იქნება პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ვერ დაელოდება პოლიტიკურ კალენდარს, ვერ მოხდება მისი გამოყენება რომელიმე მხარის მიერ პოლიტიკური მოტივებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დიპლომატების მონაწილეობით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის თაობაზე პოლიტიკური პარტიების შეთანხმებაში ჩანაწერი – „პოლიტიკური პატიმარი“ არ არსებობს.
„დღეს ამ მოლაპარაკებებით კიდევ ერთხელ შევთანხმდით მთავარ პრინციპზე, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს და ვერ იქნება პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ვერ დაელოდება პოლიტიკურ კალენდარს, ვერ მოხდება მისი გამოყენება რომელიმე მხარის მიერ პოლიტიკური მოტივებისთვის. ჩვენ ეს დავაფიქსირეთ შესაბამის განცხადებაში.
პოლიტიკური პატიმარი – ასეთი ჩანაწერი ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს. არსებობს ჩანაწერი, რომ მართლმსაჯულება რომელიმე მხარის მეირ არ უნდა გახდეს პოლიტიკური, რაღაც მოტივებისთვის გამოყენებული. პირველ რიგში ჩვენს პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით შევასრულებთ. კონკრეტულ სახელ და გვარებს რაც შეეხება, ამ სახის ჩანაწერი არ არსებობს ჩვენს შეთანხმებაში“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.