არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც არჩევნებში გადალახეს ზღვარი და ფიქრობენ, უნდა შევიდნენ თუ არა პარლამენტში, ევროპულ დროს დაახლოებით 800 წლით ჩამორჩებიან
პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც არჩევნებში გადალახეს ზღვარი და ფიქრობენ, უნდა შევიდნენ თუ არა პარლამენტში, ევროპულ დროს დაახლოებით 800 წლით ჩამორჩებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, 800 წლის წინ ევროპაში ეს პრინციპი საყოველთაოდ დაფუძნდა.
„ეს ძირითადი თამაშის წესია პოლიტიკაში, როდესაც აგირჩევს მოქალაქეთა ის რაოდენობა, რომ გადალახავ ზღვარს და უნდა შეხვიდე პარლამენტში, ამაზე შემდეგ ფიქრი, შეხვიდე თუ არა პარლამენტში, ცალსახად ჩამორჩენაა ევროპულ დროსთან მინიმუმ 800 წლით. ამ 800 წლის განმავლობაში არც ერთ არჩეულ პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს ევროპაში არ ჩაუთვლიათ საჭიროდ ეფიქრათ, შევიდნენ თუ არა პარლამენტში, როდესაც ისინი ადამიანებმა აირჩიეს. ეს გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, რომლებმაც დაამთავრეს საკუთარი საბოტაჟის გეგმა კრახით. ეს გეგმა დასრულებულია, დღეს ყველა პარტია არის პარლამენტში და პარლამენტი დაკომპლექტებული ისე, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია.
რაც შეეხება დაფინანსებას, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური კითხვები იმასთან დაკავშირებით უნდა დააფინანსონ თუ არა საკუთარი გადასახადებით პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარლამენტში აირჩიეს და შემდეგ ამ პარტიებმა უარი განაცხადეს იმ საქმიანობაზე, რისთვისაც მიიღეს ხმები და რისთვისაც დაფინანსებას ითხოვენ. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ამ შემთხვევაში დასაფიქრებელია, რა ფორმით იქნება ეს მექანიზმები მიღებული და როდიდან ჩაირთვება. ამ კუთხით კორექტივები პროექტში შესულია. წინ გვაქვს მსჯელობა და ჩვენ შევძლებთ, დავასაბუთოთ ყველა ის ინიციატივა, რაც პარლამენტში გვაქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.