არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური ინფანტილიზმია ოპოზიციის წინასწარი განცხადებები, რომ არჩევნები, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა, ნდობას არ იმსახურებს
პოლიტიკური ინფანტილიზმია ოპოზიციის წინასწარი განცხადებები, რომ არჩევნები, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა, ნდობას არ იმსახურებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებზე.
თალაკვაძის თქმით, პოლიტიკური პროცესი ქმედითი არ არის, როცა რამდენიმე ოპოზიციური პარტია ყოველგვარი ჩართულობის გარეშე აკეთებს კრიტიკულ განცხადებებს.
„კომენტარების სახით რაც მოვისმინეთ, სანდოობის წინააღმდეგ არის მიმართული. ყველა წინასწარ თუ გავაკეთებთ განცხადებებს, რომ არასანდო პროცესი მიმდინარეობს და არჩევნები, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა, უკვე არის ცუდი, საშინელი და ნდობას არ იმსახურებს, ეს ვიშვიში და წუწუნი არის პოლიტიკური ინფანტილიზმი. იმედი მაქვს, ამ ინფანტილიზმს საზოგადოება არ მიიღებს ისევე, როგორც მედია ხელს არ შეუწყობს პოლიტიკურ ინფანტილიზმს.
რაც შეეხება ცესკო-ს მუშაობას, იცით, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას არა მხოლოდ კანდიდატები განაპირობებს, ასევე ამას დიდწილად განაპირობებს რეფორმირებული კანონმდებლობა, განახლებული და უფრო მეტად ძლიერი დემოკრატიული სტანდარტები, რომელიც შემოგვაქვს ამ არჩევნებში. ამ პროცესში ოპოზიციას მონაწილეობა უნდა მიეღო, თუმცა ვხედავთ, რომ ერთი ნაწილი ჩართული არ არის და დაკავებულია უფრო მარტივი საშინაო დავალებით, რაც არის სახლიდან განცხადებების კეთება, რომ ეს ყველაფერი ცუდია. საზოგადოებას ქმედითი პოლიტიკური სისტემა და პარტიები სჭირდება. პოლიტიკური პროცესი ქმედითი არ არის, როცა რამდენიმე ოპოზიციური პარტია ყოველგვარი ჩართულობისა და მუშაობის გარეშე აკეთებს ასეთ განცხადებებს. ეს ემსახურება დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციას და თუ ჩვენ გავაკეთებთ დისკრედიტაციას, მერე პრეტენზიები აღარ უნდა გვქონდეს, რატომ არის ნდობა დაბალი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.