არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა აბრაზებს, განწირულია
ამ დღეების განმავლობაში მუდმივად გვესმის საუბარი ოპოზიციის მხრიდან და მცდელობა, რომ როგორმე გადაფარონ საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ძვრები, საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენი ოპონენტები ბოდიშის მოხდას გვთხოვენ ეკონომიკური ზრდის გამო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ამ დღეების განმავლობაში მუდმივად გვესმის საუბარი ოპოზიციის მხრიდან და მცდელობა, რომ როგორმე გადაფარონ საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ძვრები, ეკონომიკური ზრდა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის ხელმძღვანელობით, ჩვენი სახელისუფლებო გუნდის და ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით იქნა მიღწეული ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პოსტპანდემიური აღდგენის პერიოდი დავიწყეთ და გავატარეთ სათანადო პოლიტიკა ამ მიმართულებით. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენი ოპონენტები ბოდიშის მოხდას გვთხოვენ ეკონომიკური ზრდის გამო“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე მეტყველებს მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები და მათი მონაცემები. კერძოდ, როდესაც სავალუტო ფონდის მონაცემებით მშპ ერთ სულ მოსახლეზე 7 500 დოლარია და მომავალ წელს უკვე იმ ნიშნულს მიაღწევს, რომ 2027 წელს 10 ათას დოლარს გასცდება.
„შეგახსენებთ იმ დროსაც, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გახლდათ პრემიერ-მინისტრი და ის აკეთებდა ამ პროგნოზებს, როგორ ირონიულ შეფასებებს აკეთებდით და როგორ აკრიტიკებდით მას ამ განცხადებების გამო, მაგრამ გავიდა შვიდი წელი და აღმოჩნდა, რომ ეს პროგნოზები რეალური ყოფილა. ცდილობთ, რომ ეს ეკონომიკური ზრდა რეგიონში არსებულ ვითარებასთან დააკავშიროთ, სინამდვილეში, 2021 წელსაც, ომის დაწყებამდეც ჰქონდა საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10,5%, წელსაც გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მინდა, გითხრათ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 102%-ით არის გაზრდილი და თითქმის მილიარდ დოლარს შეადგენს, და ამ მონაცემებში რუსეთიდან შემოსული მაჩვენებელი ინვესტიციების არის უარყოფითი, ანუ მინუსია. აქაც იტყუებით, როდესაც აკავშირებთ რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორებთან თუნდაც ტურიზმის ზრდას. აქაც გეტყვით, რომ რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების გარეშეც 101,1%-ია ტურიზმის აღდგენის დონე საქართველოში. შესაბამისად, სავალუტო ფონდის პროგნოზია, რომ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება, მსოფლიო ბანკის პროგნოზი კი 8,8 პროცენტია. აი, ამას გაეცით პასუხი. რა პასუხი უნდა გასცეთ, ისიც გაუგებარია, რადგან პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდა აბრაზებს, არის განწირული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.